17 მაისის მოვლენები

ნინო ბურჯანაძე: სოლიდარობას ვუცხადებ სასულიერო პირებს

Nino Burjanadze

სასულიერო პირების სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მათ მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე მივიდა. 

ბურჯანაძის თქმით, ის პროცესს არ დაესწრება, "რათა ეს ქმედება სასამართლოზე ზეწოლად არ ჩაეთვალოს", თუმცა სოლიდარობას უცხადებს სასულიერო პირებს.

"გაოცებული ვარ იმით, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან 10 თვის თავზე, კვლავ კუბლაშვილის სასამართლოში ვართ და გავხდით მოწმენი, ბოკერიასა და ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციის გამო, ეკლესიის მსახურთა გასამართლების. ნაციონალური მოძრაობა და მათი წარმომადგენლები არიან ის ადამიანები, ვინც ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აუპატიურებდნენ. უსამართლობაა, როდესაც მკვლელები და ამ სისტემის შემქმნელები გარეთ თავისუფლად დადიან. სოლიდარობას ვუცხადებ სასულიერო პირებს, რომლებიც, შესაძლოა, 17 მაისს ზედმეტად ემოციურები იყვნენ, მაგრამ მათი მხრიდან ცემა-ტყეპა და იმის მეასედიც კი არ ყოფილა, რაც 26 მაისს მოხდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის, სასულიერო პირების საქმეზე, წინასასამართლო სხდომა დღეს იმართება.

შეგახსენებთ, 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს - სამების ტაძრის არქიმანდრიტ ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს წაუყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.

კომენტარები