17 მაისის მოვლენები

წულუკიანი: ჰამარბერგს ვეთანხმები, რომ 17 მაისის საქმე რეაგირებას მოითხოვს

https://www.facebook.com

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თომას ჰამარბერგს ეთანხმება, რომ 17 მაისის საქმე რეაგირებას მოითხოვს. მისი განცხადებით, ადამიანებმა, რომლებიც 17 მაისს იყვნენ ძალადობის მომხრე, წყარო ან წამქეზებლები, კანონის წინაშე პასუხი რაც შეიძლება მალე უნდა აგონ.

"17 მაისს საზოგადოებამ ქუჩაში ძალიან ცუდი რამ იხილა. ამ დღეს არაერთმა სასულიერო პირმა თავისებურად ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ უარესი არ მომხდარიყო, მაგრამ არაერთმა სასულიერო პირმა თავი ვერ შეიკავა. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, თუმცა საერო პირები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და ძალადობის მომხრენი იყვნენ, ვისი წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყვნენ, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პოლიციამ რეალურად 17 მაისს თავიდან აგვარიდა ქუჩაში ადამიანების დასახიჩრება და ესეც არ შეიძლება ვინმემ არ დაინახოს. ახლა დარჩა რეაგირების ნაწილი და მე ამაში ვეთანხმები ბატონ ჰამერბერგს. ის ადამიანები, ვინც იყო ან ძალადობის მომხრე ან ძალადობის წყარო, წამქეზებელი, რა თქმა უნდა, მათ პასუხი უნდა აგონ რაც შეიძლება მალე კანონის წინაშე", - აღნიშნა წულუკიანმა.

თომას ჰამარბერგის შეფასებით, უმცირესობებთან მიმართებით 17 მაისის აქციასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივი რეაქცია არასაკმარისი იყო.

"რაც მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ამაზე კი, ვფიქრობ, მთავრობას არასაკმარისი რეაქცია ჰქონდა. სამართლებრივი რეაქციაც არ იყო საკმარისი. დისკუსიები იმართებოდა იმასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცნენ თუ არა შესაბამისი პირები. გამოძიება თითქოს ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, ვფიქრობ, არსებობს რისკი იმისა, რომ ეს ყველაფერი იქნას აღქმული ხალხისადმი შემდეგ გზავნილად - თითქოს ეს არ იყო სერიოზული საკითხი. ამ დროს, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ინციდენტი იყო. ადამიანები სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი პოლიციამ გადაარჩინა, როცა მათი ევაკუაცია და მიკროავტობუსებში ჩასმა მოახდინა. თითოეულმა ქვეყანამ, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, ეს საკითხი უნდა გადაჭრას", - განაცხადა ჰამარბერგმა გუშინ, ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები