პრემიერის ვიზიტი

ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია

ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

საქართველოს და პოლონეთის პრემიერმინისტრებმა დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. 

ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ იჩენს.

"მოხარული ვარ, რომ გავიცანი ჩემი პოლონელი კოლეგა და მოგვეცა საშუალება გვესაუბრა მრავალ საკითხზე. მე იგი მოვიპატიჟე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ახლო პერიოდში შეძლებს ვიზიტის განხორციელებას. ჩვენი შეხვეედრა გვაძლევს საფუძველს, რათა მომავალში გავაღრმაოთ ურთიერთობები და მოხარული ვიქნები, თუ მომავალშიც გვექნება პოლონეთისგან ასეთი დიდი მხარდაჭერა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა,

დონალდ ტუსკის განცხადებით, ის მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტს ვარშავაში, რადგან ის წარმოადგენს ქვეყანას, რომელთანაც პოლონეთს მეგობრული ურთიერთობა აქვს.

"ჩვენ ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ გადადგა, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, მეგობრობა ორ ქვეყანას შორის უკვე არის მუდმივი პოლიტიკა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში დაწყებული დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდება. რაც შეეხება შიდა პოლიტიკური ცხოვრების ასპექტებს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენმა საუბრებმა ჩაიარა გულთბილ ვითარებაში, ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე და ეს საუბრები იყო ჩემთვის დამაკმაყოფილებელი. ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა. დარმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქნება გარანტი ევროპული სტანდარტების დაცვისა და ევროპა მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც ელოდება საქართველოსგან", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს საქართველოს პრემიერმინისტრის მიწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი პოლონეთში დღეს დაიწყო.

პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილმა პოლონეთის პრემიერმინისტრთან, დონალდ ტუსკთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. პრემიერმინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საკითხზე.

კომენტარები