ადგილობრივი თვითმმართველობა

თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია კიდევ ერთმა წევრმა - დავით წერეთელმა - დატოვა.

ინტერპრესნიუსთან საუბარში დავით წერეთელი ფრაქციის დატოვების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ დედაქალაქის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს მოღვაწეობას, თუმცა არ გამორიცხავს სხვა ფრაქციებთან კონსულტაციასაც.

"ამის მიზეზი პირველ რიგში ის ავადსახსენებელი კადრებია, სადაც სადიზმზე და ათას რაღაცაზეა საუბარი, უკვე ორი კვირაა მე ამ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი და ამის დამაგვირგვინებელი გახდა კოკი იონათამიშვილის შესახებ პირადი წერილის გამოქვეყნება. ამის შემდეგ უკვე მორალურადაც და ფსიქოლოგიურადაც გადავწყვიტე, რომ გამოვსულიყავი ფრაქციიდან, რადგა პირადი გინდა კადრების და გინდა წერილების გამოქვეყნება ჩემთვის მიუღებელია. ნაციონალური მოძრაობის რიგებში უმრავლესობა არის და ყოველთვის იყო ქვეყნის შენებისათვის და განვითარებისთვის მოწოდებული, მაგრამ ყოფილან ადამიანები ვინც ამის საპირისპიროს აკეთებდა. არ მინდა რომ ასოცირება მქონდეს მათთან და დანარჩენი ჩემი მეგობრები რას გადაწყვეტენ ეს მათი საქმეა", - განმარტავს წერეთელი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზს.

შეგახსენებთ, რომ დავით წერეთელი 2010 წლიდანაა საკრებულოს წევრი. იგი ასევე თავმჯდომარეობს თბილისის ურბანული განვითარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიას.  საგულისხმოა, რომ 2013 წლის მარტში წერეთელი 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა წერეთელმა ჟურნალისტებს განუმარტა გამოძიებას კითხვები  მის პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა. 

თბილისის საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 22 წევრი დარჩა, ოპოზიციაში კი უკვე 25 დეპუტატია. 

კომენტარები