საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში: საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს

2012 წელს საქართველომ ევროკავშირთან პოლიტიკურ დიალოგსა და ასოცირების შესახებ შეთანხმებაში, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფლების ვაჭრობის ზონაზე, მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, ნათქვამია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში. ევროკომისიამ აღნიშნული ანგარიში 20 მარტს გამოაქვეყნა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში კოაბიტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს პრეზიდენტისა და პრემიერის კონსტიტუციური უფლებების პატივისცემა. 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ევროკავშირი ურჩევს საქართველოს, ცვლილებების შესახებ ფართო განხილვა მოხდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ვენეციის კომისიასთან. 

ანგარიშში ხაზია გასმული, რომ საქართველომ გაითვალისწინა ევროკავშირის რეკომენდაციები და ძირითადად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარა. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში ხარვეზები არსებობს და მათი გამოსწორება მნიშვნელოვანია.  

ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაზრდელად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის აუცილებლობის შესახებაც. ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავ "პრობლემად" რჩება. სასამართლო სისტემის პრობლემებს შორის განსაკუთრებით ხაზგასმულია სისტემის მკაცრი იერარქიულობა, აღმასრულებლის მხრიდან შეუფერებელი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა, პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის სიდაბლე, პროკურატურის არასაკმარისი სამართლებრივი კონტროლი და მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო გამჭვირვალობა.

ევროკავშირი ურჩევს საქართველოს უზრუნველყოს "გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი სისხლის სამართლებრივი დევნა". 

ევროკავშირი ასევე ურჩევს საქართველოს, სრულად სიღრმისეულად გამოიძიოს პენიტენციარულ სისტემაში გამოვლენილი დანაშაულის ფაქტები. ანგარიშის თანახმად, ციხეში წამების კადრების გამოქვეყნებამ შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებზე გადამწყვეტი გავლენაც მოახდინა.

ანგარიში ძირითადად 2012 წელს მომხდარ მოვლენებს მიმოიხილავს და აფასებს, თუმცა გამოხატვის თავისუფლების ნაწილში 2013 წლის 8 თებერვალს მომხდარი ფაქტიც აღნიშნულია.  ევროკავშირის შეფასებით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე ადგილობრივ საკრებულოში ზეწოლით მოხდა თავმჯდომარისა და გამგებლების გადარჩევა, ასევე 190 ადამიანის პოლიტპატიმრად აღიარებისა და საპატიმროებიდან გათავისუფლების პროცესში არაერთი დარღვევა გამოვლინდა.

2012 წელს ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ახალი პროგრამა დაიწყო და იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიული განვითარების გზაზე პროგრესს განიცდიან, დამატებითი რესურსები გამოუყო. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველომ გასულ წელს 22 მილიონი ევრო მიიღო, მოლდოვამ - 28 მილიონი, სომხეთმა კი - 15 მილიონი.

კომენტარები