მუსიკა

ალბომები

Ben UFO – Fabriclive: 67

Ben UFO – იგივე ბენ ტომსონი ინგლისელი DJ-ია, რომლის სახელსაც უკავშირდება თანამედროვე UK სცენის ერთ-ერთი წამყვანი ლეიბლის, Hessle Audio-ს სახელი. Ramadanman-თან და Pangaea-სთან ერთად, ის ამ ლეიბლის თანადამაარსებელი გახლავთ. მისი ბოლო ოფიციალური Mix CD-ის გამოსვლიდან (Rinse:16) დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, Ben UFO რიგით მეორე – Fabriclive 67-ით დაბრუნდა და კიდევ ერთხელ აალაპარაკა თანამედროვე Underground Dance Music სცენასთან ასოცირებული მელომანების თუ სხვადასხვა მუსიკალური გამოცემების ერთობლიობა.

დღეს არც ისე ადვილია, რომ ერთი საკუთარი ტრეკიც არ გაგაჩნდეს და მაინც იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი ისეთ სწრაფად მზარდ და კონკურენტულ სფეროში, რომელშიც ტომსონი ტრიალებს, თუმცა მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ტიტული – იყო საუკეთესო სელექტორი, არაფრით ჩამოუვარდება ტიტულს – იყო საუკეთესო ტრეკმეიქერი.

„ზღვარგადასული” ჟანრული მრავალფეროვნება, ლამის სპორტულ დონეზე აყვანილი მიქსინგის ტექნიკა და მუსიკასთან ღრმად ინტიმური დამოკიდებულება, 27 წლის ტომსონის მოღვაწეობისთვის დამახასიათებელი და განუყოფელი ელემენტებია, რომელთა საშუალებითაც სხვადასხვა ონლაინ მუსიკალური გამოცემისთვის ჩაწერილი მისი ყოველი ახალი მიქსტეიპი ყველაზე უფრო დამაინტრიგებელი და სასურველია. შეიძლება ითქვას, რომ არცერთი სხვა დიჯეის აქტივობას არ გააჩნია იმხელა მოლოდინები, რამდენიც Ben UFO-სას.

ბენ ტომსონის ყველა ღირსებასთან ერთად, მისი ერთ-ერთი სამარკო ნიშანი გახლავთ ის ავტორიტეტი, რომელიც მან თანამედროვე Underground სცენაზე მოიპოვა. ამ თვალსაზრისით ის ყველა სტერეოტიპს არღვევს და ხშირად კომპოზიცია, რომელსაც Clubbing საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს, Ben UFO-ს შესრულების შემდეგ ბევრისთვის საყვარელ ტრეკად გადაიქცევა. ეს მისი მხრიდან ერთგვარი ირონიული დამოკიდებულებაც გახლავთ წინასწარი განწყობების მიმართ – მან იცის, რომ შეუძლია მარგინალურის ლეგიტიმაცია, ერთგვარი ურჩხულის პრინცად გადაქცევა.

Fabriclive 67-ის შემთხვევაში, რომელიც ბრწყინვალედ არის გამიქსული, აშკარაა მრავალფეროვანი სელექცია: დაწყებული ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ ლეიბლთან – L.I.E.S. – აფილირებული Delroy Edwards-ით, გაგრძელებული Jam City-ს ავანგარდული, არატიპური არქიტექტურის მქონე მუსიკით და დამთავრებული Blawan-ის, Contemporary Techno / UK Garage ქროსს-ოვერით.

ნამუშევრის კიდევ ერთი ტენდენცია სცენების აღრევაა. წმინდად ბრიტანული გემოვნების მქონე DJ-ის მიქსი ისე ჟღერს, რომ რიგითი პრეტენზიული Raver-ი ნებისმიერი ქალაქის წამყვან კლუბში იპოვის თავის საუნდს – იქნება ეს ლონდონი, ბერლინი, ამსტერდამი თუ სხვა.

ეჭვგარეშეა ის, რომ Fabriclive 67 ამავე სერიის ლეგენდარული მიქსების სიას უკვე შეუერთდა და წლების შემდეგ, ის ჩვენი დროის საკლუბო სცენის ერთ-ერთ საუკეთესო რეპრეზენტაციას წარმოადგენს.

My Bloody 

Valentine – m b v

My Bloody Valentine ირლანდიური Noise Rock / Shoegaze მიმართულების ვეტერანი ჯგუფი გახლავთ, რომელიც 1983 წელს დუბლინში ჩამოყალიბდა და დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას.

საინტერესოა, რომ კოლექტივს დაარსების დღიდან მოყოლებული დღემდე სულ სამი (მოცემული დისკის ჩათვლით) სტუდიური ალბომი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ბენდის სტატუსი ენიჭება.

ეს სტატუსი კი მას 1991 წელს გამოსულმა Loveless-მა მიანიჭა, რომელიც ჟანრში ერთ-ერთ წამყვან ნამუშევარს წარმოადგენს და დღემდე უამრავ ბენდზე ახდენს გავლენას.

ალბომი იწყება კომპოზიციით, რომელსაც საძირკვლად ცივი, ემბიენტური საუნდსქეიფი უდევს. მუსიკა ნელ-ნელა ჯდება რითმულ ჩარჩოში, რომელიც ალბომის შუა ნაწილიდან აგრესიულ drumming-ში გადაიზრდება და კულმინაციას ალბომის ბოლო, ნევროტული ხასიათის სიმღერაში აღწევს.

m b v ბენდის კლასიკურ ხაზს აგრძელებს და პირველივე ხმის გაგონებისას იცნობა მუსიკოსების სამარკო საუნდი. საჭირო არ არის, ახალი ნამუშევარი მის წინამორბედ Loveless-ს შევადაროთ, ან მის მეორე ნაწილად ჩავთვალოთ. m b v ცალკე აღებული ჩანაწერია, რომელშიც სილამაზე და ესთეტიკური მხარე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

80-იანელთა თაობის აკუსტიკური კონსერვატიზმი და indie ტრადიციონალიზმი 2013 წელს ერთგვარად საგმირო საქმეც არის. ჩვენს დროში, როდესაც ამ ტერმინმა თავდაპირველი იდეა და ტრადიცია დიდწილად დაკარგა, m b v ერთგვარ შეხსენებასაც წარმოადგენს ახალი თაობის მუსიკოსებისთვის, შეხსენებას იმისა, რომ indie purism დასაკარგი დამოკიდებულება ნამდვილად არ გახლავთ და ამას ჯგუფის წევრები ბოლო ალბომის გამოსვლიდან 22 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ამტკიცებენ.

Local Natives – Hummingbird

2010 წლის სადებიუტო ალბომის შემდეგ, კალიფორნიული კვარტეტი Local Natives ახალი, სრულმეტრაჟიანი ალბომით ბრუნდება და არც ამჯერად აპირებს თანამედროვე indie როკის მსმენელთა იმედგაცრუებას. თუ პირველი ალბომის შემთხვევაში Animal Collective-თან მათი შედარებები მომაბეზრებლად ხშირად ისმოდა, ახალი ნამუშევრის შემთხვევაში მსგავს მოვლენასთან საქმე ნაკლებად გვაქვს.

გუნდური ვოკალის პარტიები, კარნავალური ესთეტიკა და საზეიმო ატმოსფერო Hummingbird-შიც შენარჩუნებულია, მაგრამ ეს ნამუშევარი უფრო მეტად დამშვიდებული და გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული განაცხადია. ბენდმა თავისი ხელწერა და სახე მოირგო და სახელი Local Natives უკვე რაღაც კონკრეტულთან ასოცირდება. ალბომის საუკეთესო სიმღერა ცალსახად Colombia გახლავთ, ძლიერი მელოდიური ხაზით და საკმაოდ კარგი ლირიკით, თუმცა ალბომში თითქმის არ არის სუსტი კომპოზიცია და ამიტომაც გახლავთ Hummingbird ისეთი ჩანაწერი, რომელსაც ერთი მოსმენის შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდებით.

 

 

კომენტარები