საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ სესილია მალმსტორმმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ვიზების ლიბერალიზაციაზე შეთანხმება ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე და მათ ტემპზე.
"ალბათ ეს ყველაფერი არ იქნებოდა შესაძლებელი, საქართველოს რომ არ აეღო სრული ვალდებულება ევროინტეგრაციის კუთხით. საქართველომ ბრწყინვალე პროგრესს მიაღწია იმ კუთხით, რომ გაუმჯობესდა პოლიტიკა, კანონმდებლობა და მე მინდა, საქართველოს ხელისუფლებას ეს მიღწევა მივულოცო", - განაცხადა სესილია მალმსტრომმა.
მისივე თქმით, ვიზების ლიბერალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იმისათვის, რომ განმტკიცდეს ხალხთა შორის კონტაქტები. მალმსტრომის განცხადებით, სამოქმედო გეგმის მიზანია იდენტიფიცირებული იყოს რამდენიმე მიმართულება, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოს მხრიდან და აქ არის მინიშნებული გარკვეული მოთხოვნები, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რათა იყოს უსაფრთხო რეჟიმი და გარემო გადაადგილებისათვის.
"გვინდა, წავახალისოთ საქართველო, რომ გაგრძელდეს რეფორმები, რაც მეტად მნიშვნელოვანია ამ დიალოგის მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოების მოდერნიზაციისა და კეთილდღეობისათვის. არის მიმართულებები დარჩენილი, სადაც ბევრია გასაკეთებელი", - განაცხადა სესილია მალმსტრომმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა ვადები დასჭირდება ამ ყველაფერს, მისი თქმით, მისთვის ამაზე საუბარი ძალიან ძნელია.
"ბევრი არის დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე და მათ ტემპებზე, მაგრამ ისინი აკეთებენ ყველაფერს და ევროკავშირის მხრიდანაც ყველანაირი დახმარება არის გაწეული. მაშინ, როდესაც ყველა კრიტერიუმი იქნება დაკმაყოფილებული, გადავალთ მეორე ეტაპზე და ამის შემდეგ გადავალთ შეთანხმების მიღწევაზე ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს მხარეს გააჩნია დიდი სურვილი, რომ გაგრძელდეს თქვენთან თანამშრომლობა", - დასძინა სესილია მალმსტრომმა.





