ნაციონალური მოძრაობა

მერაბიშვილი: გამოვდივართ ინიციატივით, 19 აპრილს ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, მიტინგის ჩატარებას გეგმავს.  

"საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიცია საგარეო კურსზე გვაძლევს საფუძველს, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალია ევროპა. გამოვდივართ ინიციატივით, 19 აპრილს, 16:00 საათზე ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ. მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ გვინდა, შვილებს ჰქონდეს გარანტირებული მომავალი, საქართველო არ იყოს მონობაში", - განაცხადა მერაბიშვილმა. 

მისი თქმით, "საქართველოს ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება და დღესაც დგას არჩევანის წინაშე".

როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იწყებენ რეგიონებში ჩასვლას და თბილისის ყველა უბანში მოსახლეობასთან შეხვედრას, იმისთვის რომ ხელისუფლებამ დანახოს - "ხალხის ნება ურყევია, საქართველოს მომავალი კი არის დასავლეთისკენ და არა რუსეთისკენ". 

კომენტარები