საგარეო საქმეთა მინისტრი

ფანჯიკიძე: პრემიერის და პრეზიდენტის ერთობლივი წერილი NATO-ში საერთოდ არ არის ცუდი იდეა

დღეს, 19 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდება და მათ შეკითხვებს პასუხობს. 
დეპუტატი ნუგზარ წიკლაური დაინტერესდა, იზიარებს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის მოსაზრებას, რომ საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოსთვის სამაგალითო უნდა იყოს. 
"საქართველოს  პრემიერმინისტრმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ სომხეთი ახერხებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკურ წრეებთან, როგორიცაა რუსეთი, NATO-ს წევრი ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები. მე ვეთანხმები იმას, რომ სასურველია, ყველა ქვეყანას ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ყველასთან, ვისთანაც გარკვეული სახის თანამშრომლობა აკავშირებს. საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები კი არ შეცვლილა, რადგან ეს არ არის ერთი პარტიის არჩევანი", - განაცხადა ფანჯიკიძემ. 
ნუგზარ წიკლაური იმითაც დაინტერესდა, იზიარებს თუ არა მინისტრი პრემიერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სომხეთის "თეთრი შურით უნდა გვშურდეს". 
"მაგალითი არის მხოლოდ ის, რომ ქვეყანა ახერხებდეს ურთიერთობის დალაგებას თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავ პარტნიორებთან. ჩვენ ამითი არ გვითქვამს და პრემიერს არ უთქვამს, რომ ჩვენ გვაქვს იგივე საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები, რაც მეზობელ ქვეყანას. ამაზე მეტი იქ არ თქმულა და არ ვიცი, რატომ გინდათ, სხვა ინტერპრეტაციები ჩადოთ", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაია ფანჯიკიძის თქმით, მისთვის გაუგებარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით არსებული კითხვები, როდესაც ახალი ხელისუფლების კურსი აშკარაა.
"ჩემთვის  გაოცებას იწვევს ის, რატომ ხდება ეს საკითხავი, როცა საქართველოს ევროპული და ევროატლანტკური არჩევანი არის შეუქცევადი და ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, გვინდა დავამყაროთ და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები რუსეთთან სამომავლოდ და კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ  ურთიერთობა მეზობლებთან. ქვეყნის დეოკუპაცია არის პრიორიტეტი. ეს არის თემები, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ უკვე ერთი წელია და ძალიან მიკვირს, რომ ეს ვინმემ ვერ გაიგო", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
საგარეო უწყების პირველმა პირმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის შეკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლებლად მიაჩნია NATO-ში ინტეგრაციის თაობაზე პრეზიდენტისა და პრემიერის ერთობლივი წერილის გამოქვეყნება მომავალში.
"ერთობლივ წერილს რაც შეეხება, ამის დაწერა საერთოდ არ არის ცუდი იდეა, აწიც შეიძლება ვიმსჯელოთ. იმ კონკრეტულ პერიოდში, როდესაც მთავრობა 1 თვის შექმნილი გახლდათ, ეს ნაადრევი იყო, რადგან ე.წ. კოჰაბიტაციის მოდელი ჩამოყალიბებული არ იყო. მომავალში, ერთობლივი განცხადების გაკეთებას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები