საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანთან უვიზო რეჟიმი დროებით გაუქმდა

ირანთან უვიზო რეჟიმი ცალმხრივად დროებით გაუქმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. ფანჯიკიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არამედ მიგრაციის საკითხებზე მომუშავე კომისიამ მიიღო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

მისი განცხადებით, ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავება "ახალი გამოწვევების“ გათვალისწინებით ხდება. "ამ პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში უნდა გადაიხედოს და მოწესრიგდეს სავიზო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყნებთან. ამ კომპლექსური საკითხის ნაწილია ის, რომ დროებით, ცალმხრივად შეჩერდა უვიზო მიმოსვლა ირანთან. სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა 2012 წელს იყო, როდესაც ირანმა შეაჩერა ცალმხრივად ეს ხელშეკრულება და არავითარი ვნებათაღელვა ამას არ მოჰყოლია. მაშინ ეს რამდენიმე თვით იყო შეჩერებული, ახლაც ასეა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ირანის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლაში რაიმე პრობლემები არ შეექმნებათ და მათ შეუძლიათ ვიზების აღება როგორც საქართველოს საკონსულოში, ასევე საზღვარზე. 

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეკონომიკური კავშირების შესახებ საქართველოსა და ირანს შორის, რომელსაც აშშ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ამ საკითხზე ჯერ კიდევ მარტიდან მუშაობს. აქედან გამომდინარე, საგარეო საქმეთა მინისტრი ამ გადაწყვეტილებასა და სტატიას შორის კავშირს უარყოფს. 

"ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენს მეზობლებთან კარგი ურთიერთობებით, განსაკუთრებით სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებით, მათ შორის, ირანთან და ამ აქტივობას საფრთხე არ ემუქრება", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ივნისში Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა  სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველო, ამერიკის სანქციების მიუხედავად, ირანულ ბიზნესს არ ზღუდავს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნულ სტატიაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს ირანელი ინდივიდების და იურიდიული პირების 150-მდე ანგარიში აქვს გაყინული. მოგვიანებით, Wall Street Journal-მა კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა ამ თემას - მასში საუბარია, რომ ივანიშვილის მთავრობამ კონგრესზე ლობისტური შეტევა მიიტანა, რათა კარგად აეხსნა, რომ საქართველო ირანზე სანქციებს ნამდვილად ახორციელებს და პროდასავლურ კურსს ინარჩუნებს.

კომენტარები