საგარეო საქმეთა მინისტრი

კვირიკაშვილი: ძალისხმევას მივმართავთ საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდაზე

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი". ამის შესახებ ახლადდანიშნულმა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

"უმთავრესი ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ძალისხმევა მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გაზრდაზე, რათა ერთად აღვუდგეთ წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი. გავაგრძელებთ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, გავააქტიურებთ დიპლომატიური ურთიერთობების გამყარების პროცესს შორეულ ქვეყნებთან, რათა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან მივიტანოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. 

"ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია სათავეში ჩავუდგე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს. გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცხადია, უცვლელი რჩება, ვინაიდიან ისინი განსაზღვრულია არა რომელიმე მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალი ნებით", - თქვა კვირიკაშვილმა. 

კომენტარები