"საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა ექსტრემისტი ჩახალიანი და პარალელურად იწყებს დევნას ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ახალქალაქში გაანეიტრალა სეპარატიზმის საფრთხე და გააძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა", - წერია ვანო მერაბიშვილის facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მერაბიშვილის თქმით, ყველა ღონისძიება რაც სამცხე-ჯავახეთში უკანასკნელ წლებში ხორციელდებოდა, მასთან იყო შეთანხმებული და ის პირადად არის მზად, აგოს პასუხი ამ ქმედებებზე.
"თუ ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევა და პოლიციის დისკრედიტაცია, მოვუწოდებ, დაანებოს თავი რიგით პოლიციელებზე ზეწოლას. თუ საქართველოს ახალ მთავრობას სურს, გაიგოს, რა ღონისძიებები გატარდა აღნიშნულ რეგიონში სეპარატიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, ეს მხოლოდ ჩემი დაკითხვით არის შესაძლებელი. მე და ჩემი მეგობრები კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ამას ხელს ვერ შეუშლის", - ნათქვამია განცხადებაში.




