საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ გადაცემა აქცენტებში, ეკა კვესიტაძესთან თანამდებობიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ნაციონალურ მოძრაობასთან არ არის დაკავშირებული.
"გარკვეული კითხვის ნიშნები გამიჩინა სომხეთში გაკეთებულმა განცხადებებმა. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ა.შ. კითხვაზე ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, პასუხი იყო, რომ უახლოეს მომავალში ეს პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. "უახლოეს მომავალში" ბადებს სერიოზულ კითხვებს და გულისხმობს იმას, რომ უახლოესი მომავლის შემდეგ დაშვებულია, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს. ამას პრემიერმა დააყოლა, რომ "მაგრამ ცხოვრება წინ მიდის, პოზიციები იცვლება და ა.შ.". მეორე მნიშვნელოვანი, რაც გაჟღერდა იქ, არის ის, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა არის მისაბაძი საქართველოსთვის და ჩვენ კეთილი შურით გვშურს ამ პოლიტიკის. მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიმართ, სომხეთის საგარეო პოლიტიკაში იძულებითი მომენტები არის სიტუაციიდან გამომდინარე. მთლად ბედნიერები ისინი ამ სიტუაციით არ არიან. სომხეთში განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზა. მთელი ბაზები და ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად რუსეთის ხელშია. ალბათ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ სომხეთის საზღვრებს იცავს რუსული ჯარი. ჩემთვის საეჭვოა, რომ ეს იყოს მისაბაძი ჩემი ქვეყნისთვის", - განაცხადა ვაშაკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, ის, რომ მისი შეხედულებები არ არის თანხვედრაში მთავრობის საგარეოპოლიტიკურ კურსთან, პირველად პრემიერმა აღნიშნა.
"ჩემი შეხედულებები რომ თანხვედრაში არ არის საგარეოპოლიტიკურ კურსთან, პირველად არა მე, არამედ პრემიერმინისტრმა მითხრა ერთ-ერთ თათბირზე, როდესაც რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ. იქ სერიოზული კამათიც შედგა და საბოლოოდ შეფასება გაკეთდა ისეთი, რომ ის მიდგომები, რომელიც მე გავაჟღერე, თანხვედრაში არ მოდის მის პოლიტიკურ კურსთან. ეს მიდგომები იყო ტრადიციული და შეჯერებული იყო სამინისტროს ხელმძღვანელობასთან", - განაცხადა ვაშაკიძემ.





