სტრასბურგი

პრეზიდენტის პასუხი თედო ჯაფარიძეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ კითხვა დაუსვა. მას აინტერესებდა, სერიოზულად ფიქრობდა თუ არა პრეზიდენტი, რომ ამჟამინდელი მთავრობა საქართველოს ევროპასთან დაახლოვებას ხელს უშლიდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობის გამონათქვამები სხვა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. პრეზიდენტმა მაგალითად მოიყვანა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ახალმა მთავრობამ მოახერხა და ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლა მოიგერია. სააკაშვილის თქმით, მას ასეთი რამ არ სმენია არცერთი ქართველი ლიდერისგან 1991 წლიდან მოყოლებული.

პრეზიდენტის თქმით, თუ ახალი მთავრობა ნატოსკენ ისწრაფვის, მაშინ ნატოს კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს. ასეთ დროს განცხადებები, თითქოს ნატოს გენერალური მდივანი  საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობდა, კრიტიკისადმი მზაობას არ გამოხატავს.

პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა პრემიერის მოსაზრება, რომ საქართველომ რუსეთისა და ნატოსგან თანაბარი დისტანცია უნდა დაიცვას. სააკაშვილისთვის მსგავსი მოსაზრება მიუღებელია. ამასთან, პრეზიდენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის, თუმცა არა ისე, რომ პრობლემა რეალურად მოუგვარებელი დარჩეს. პრეზიდენტის აზრით, ამ შემთხვევაში საქართველო, არა როგორც პრობლემა, არამედ როგორც ქვეყანა გაქრება. 

კომენტარები