სტრასბურგი

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ნატოში წევრობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ძირითადი მიმართულებებისა და მისწრაფებების შენარჩუნების აუცილებლობას.

პრეზიდენტმა პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ერევანში გაკეთებული განცხადებაც გააკრიტიკა. მისი თქმით, პრემიერმა რუსეთსა და ნატოს შორის უცნაური ტოლობა დასვა, როცა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ერთდროულად ორივე ამ ძალასთან და ამის მაგალითად სომხეთი მოიყვანა.

„საქართველომ ნატოს წევრობა აირჩია, სომხეთმა ეს გზა არ აირჩია. ეს არის ნებისმიერი ერის სუვერენული უფლება, აირჩიოს მისაღები გზა. ურთიერთობები და ინტეგრაცია სხვადასხვა ცნებებია. რაც პრემიერმა განაცხადა, ცვლის ყველაფერს, რაც აქამდე გვითქვამს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ნატოში წევრობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ხალხს არჩევნებზე ხმა ქვეყნის ძირითადი მისწრაფებების შეცვლისთვის არ მიუცია.

„სამწუხაროდ, ასეთი განცხადება მოდის რამდენიმე საგარეოპოლიტიკური ნაბიჯიდან. ის პროექტები, რომელიც ხორციელდება ბაქო-სტასბურგის რკინიგზასთან დაკავშირებით, თურმე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც რკინიგზის გაყვანა აფხაზეთის გავლით. ეს შეცვლის ქვეყნის სტრატეგიულ ორიენატაციას და მოხდება იზოლირება ძირითადი ევროპული გზებისგან“, - აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, როცა საქართველო ასე ახლოა ევროპულ მიზანთან, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი ეჭვების გამოხატვა ძალიან სახიფათო თამაშია.

კომენტარები