განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კამათი საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და ფორმის შესაძლო ცვლილებამ გამოიწვია.
შემოთავაზებული ცვლილებებით, სამეურვეო საბჭო 15-ის ნაცვლად, ცხრა წევრით უნდა დაკომპლექტდეს. პრეზიდენტის მაგიერ, პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელშიც დარგის სპეციალისტები შევლენ. 9 წევრიდან სამს აირჩევს საპარლამენტო უმავლესობა, ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია, სამს - საპარლამენტო უმცირესობა, ორს - სახალხო დამცველი კონკურსის წესით მიხედვით, ერთი ადგილი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის იქნება.
რაც შეეხება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ელისო ჩაფიძის განცხადებით, მოხდება მისი ახლებურად რეგულირება, პრინციპით - ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტიდან აჭარის მაუწყებელი 15%-ს მიიღებს.
სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი მწვავედ გააკრიტიკეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა, სერგო რატიანმა და გიორგი კანდელაკმა. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს, ხელისუფლებამ გააკონტროლოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ამჟამად მის კონტროლს მიღმაა.
„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი თამაშობს იმ ფუნქციას, რომელსაც უნდა ასრულებდეს მედია, ის არის ხელისუფლების გადაჭარბებული ძალაუფლების შემაკავებელი და ხელისუფლება მას ვერ აკონტროლებს. ამ კანონპროექტის ინიცირების სულისკეთებაა, ხელისუფლებას კვლავ დაექვემდებაროს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ადამიანები, რომლებიც აქამდე იბრძოდნენ, რომ ხელისუფლების კონტროლი არ ყოფილიყო, დღეს ასრულებენ იგივე როლს. აჭარის ტელევიზიას რაც შეეხება, ეს არის დიდი კორპორაციების შექმნის სულისკვეთება, დაქვემდებარება იმ მედიისა, რომელიც არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ქვეშ. ამ კანონპროექტში პრეზიდენტი საერთოდ ამოვარდნილია. იმით, რომ აქ არ არის პრეზიდენტის ფიგურა, ბალანსი მთლიანად ირღვევა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან განსაკუთრებული აღშფოთება გიორგი კანდელაკის გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის ასეთი სახით მიღება იქნება პირდაპირი დარტყმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის.
„რამდენად მიუკერძოებელი და დაბალანსებულია საზოგადოებრივი მაუწყებელი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ამის გაზომვის ინსტრუმენტები არსებობს. ერთ-ერთია ის ავტორიტეტული და მიუკერძოებელი კვლევები, რომლებიც ტარდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში. მაგალითად, ეუთოს კვლევების თანახმად, ის საქართველოში ყველაზე მიუკერძოებელი ტელევიზიაა. მინდა შეგახსენოთ გასული წლის ნოემბერში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომლიც მკაფიოდ მოუწოდებს მთავრობას, თავი შეიკავოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლისა და მის საქმიანობაში ჩარევისგან. ამ კანონპროექტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭო აფასებს სწორედ ზეწოლად - იმიტომ, რომ ამ კანონპროექტით, უფლებამოსილება უწყდება მოქმედ წევრებს. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა პრემიერმინიტრი ამბობს, რომ მას სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის შერწყმა თავის ჯიბის ტელეკომპანიასთან, ხოლო ირაკლი სესიაშვილმა თქვა, რომ ფინანსური პოლიციის შესვლა მაუწყებელში გამოწვეული იყო იმით, რომ ის გადაიქცა პროპაგანდად. ამიტომ ამ კანონის ასეთი სახით მიღება იქნება პირდაპირი დარტყმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის და პასუხისმგებლობა ამაზე დაგეკისრებათ თქვენ“.
კანდელაკის გამოსვლას აგრესიულად შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები - გოგი ქავთარაძე და ზაზა პაპუაშვილი. ქავთარაძემ კანდელაკს განუცხადა, რომ ის მას პატივს არ სცემს, პაპუაშვილის განცხადებით კი, მას არ სურს „ამ ტრალივალი ლოგიკების მოსმენა ადამიანებისგან, რომლებმაც ქვეყანა დაღუპეს“.
თავისი მოსაზრება გამოთქვა ელისო ჩაფიძემაც:
„დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი ამ კანონის აუცილებლობაში, თქვენ, ზოგადად თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ, პასუხი უნდა აგოს ყველა იმ მოქმედებისთვის, რაც ჩადენილი გაქვთ ქართველი ჟურნალისტების მიმართ. მე მაქვს სრული უფლება დღეს ამაზე ვილაპარაკო. სწორედ ამიტომ ვარ პარლამენტში, რომ დამეცვა ჩემი კოლეგების უფლებები თქვენი მოძალადე ხელისუფლებისგან“.
თავის მხრივ, გიორგი კანდელაკმა ელისო ჩაფიძის ამ გამოსვლას უწოდა დასტური იმისა, რომ „ეს კანონი არის პოლიტიკური და ამ კონონპროექტს განიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში და მიზანი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლს დაქვემდებარება“.
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელსაც ხელს საბჭოს 8 წევრი და მისი თავმჯდომარე ლევან გახელაძე აწერენ. “კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ძალების სრული კონტროლი დამყარდება. მეტიც, კანონპროექტში ჩადებული მექანიზმები ასეთი კონტროლის საშუალებას მისცემს ყველა მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტი მიმართულია იქით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად გადაიქცეს სახელმწიფო ტელევიზიად. სამეურვეო საბჭოს დაუშვებლად მიაჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და ეს ჩვენ მიერ აღიქმება საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებულ ზეწოლად და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
კანონპროექტი პარლამენტში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომელშიც შედიან ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ნინო ზურიაშვილი, თამარ კორძაია და საზოგადოებრივი სექტორის სხვა წარმომადგენლები. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ცვლილებების გარდა, კანონპროექტი მედიასთან დაკავშირებით სხვა სიახლეებსაც ითვალისწინებს, მათ შორის, must carry-ს ვალდებულებას, სარეკლამო შემოსავლების გამოქვეყნების ვალდებულობას, კომერციული ტელეკომპანიების ფინანსური შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას, საერთო ეროვნული მაუწყებლობებისთვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების აუდიტის ჩატარების, ხოლო დანარჩენი მაუწყებლობისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტის ჩატარების ვალდებულებას.
კომიტეტის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტში ამ კანონპროექტის ინიცირება მოხდება.





