გუშინ, 16 იანვარს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის კაპიტანი კარინა გრიგორიანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
რამდენიმე დღის წინ, გრიგორიანმა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა შსს, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. ამის მიზეზად მან ქვეყანაში განხორციელებული მასშტაბური ამნისტია დაასახელა. ღირსების ორდენით დაჯილდოებისას გრიგორიანმა აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის ფარგლებში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლება.
მიხეილ სააკაშვილმა საუბრისას ამნისტიის თემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ აქტის მიღებით საქართველოს პარლამენტმა საგანგაშო პრეცედენტი დაუშვა.
"მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და ისტორია განსჯის მათ, ვინც ეს გააკეთა", - განაცხადა სააკაშვილმა.
"პრაქტიკულად, საქართველოს პარლამენტმა თქვა ძალიან სახიფათო რამ, რომ ყველა, ვინც ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, მოაწყობს სამხედრო ნაწილში ამბოხს, და მე ვარ ამის მოწმე როგორ თქვეს, რომ არ ემორჩილებიან სამხედრო ხელმძღვანელობას, და შემდეგ შეეცადნენ ცხინვალის მიმართულებით, რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, მიმალვას და ამას თვითონაც არ უარყოფდნენ, ეს ხალხი გამოუშვეს დღეს როგორც გმირები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა 90-იანი წლების მოვლენებიც გაიხსენა და დასძინა, რომ არ სურს საქართველო ვინმემ იმ პერიოდის "წარმოუდგენლად გაუსაძლის" მდგომარეობაში დააბრუნოს.
მისი თქმით, მაშინაც, კრიმინალები გამოუშვეს ციხეებიდან, ზუსტად იმ მიზეზით, რომ ისინი პოლიტიკასთან იყვნენ კავშირში და "მერე მივიღეთ ის, რაც მივიღეთ". სააკაშვილის განცხადებით, მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს არის ქართული სახელმწიფო, რომელიც მისმა მთავრობამ ააშენა "და მას აქვს დიდი სიმტკიცის მარაგი".
"მაგრამ, მე მინდა, გავაფრთხილო საქართველოს დღევანდელი მთავრობა და პარლამენტი. ეს სიმტკიცის მარაგი არ არის ამოუწურავი, უკიდეგანო და ზედმეტად თუ გადავღუნავთ, შეიძლება ბზარები გაუჩნდეს და გატყდეს. ასეთი რაღაცების კეთება არ შეიძლება. ეს 1992 წელი არ არის, სადაც ამნისტია ავტომატურად გამოიწვევს აფეთქებებს და ხალხის გაუბედურებას. არ გამოიწვევს იმიტომ, რომ ჩვენ დავტოვეთ კარგად ფუნქციონირებადი სახელმწიფო აპარატი და სამართალდამცავი სტრუქტურები. მაგრამ, ნუ ვცდით ამ სიმტკიცეს, იმიტომ რომ კი ვაშენებდით 9 წელი, მაგრამ რასაც რუდუნებით 9 წელი ვაშენებდით, ბევრად უფრო ჩქარა შეიძლება დაიშალოს, თუ ამ ყველაფერს არ გავუფრთხილდით", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე მუშაობენ პოლიციაში და საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან.





