ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთი ბრალდება ეხსნება

ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს პროკურატურა კიდევ ერთ ბრალდებას უხსნის. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სისხლის სამართლებლივი დევნის დეპარტამენტის უფროსმა, თემურ მიქაბერიძემ ისაუბრა.
"ეს ეპიზოდი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ჯეოსელის აქციების უკანონოდ დაუფლების ფაქტი. აქ ბრალდების ძირითად და ერთადერთ პირდაპირ მოწმეს წარმოადგენდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი, რომელმაც უარყო ადრე მიცემული ჩვენებები. დიმიტრი ქიტოშვილმა განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ იძულებით მისცა ჩვენება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა თითქმის ამოწურულია. ამ საქმეში, პრაქტიკულად, აღარ არსებობს მტკიცებულება, რომლებიც საფუძვლად დაედო წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად, პროკურატურა გეგმავს უარი თქვას ბრალდებაზე ხსენებულ საქმეში", - განაცხადა მიქაბერიძემ.
რაც შეეხება ფულის გათეთრების ბრალდებას, რომელიც ოქრუაშვილს გუშინ მოეხსნა, მიქაბერიძის განმარტებით, "აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ოქრუაშვილის მიმართ მტკიცებულელები არ არსებობს". 
"მოგეხსენებათ, პროკურატურა ბრალდების მხარეა, მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლება მოითხოვოს პირისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება, სასამართლოს უფლება არ აქვს პირს შეუფარდოს პროკურორის მიერ მოთხოვნილი უფრო მძიმე ღონისძიება. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც ჩვენ ვითხოვდით ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეცვლას გირაოთი, არ დააკმაყოფილა და არც დაასაბუთა რატომ, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება", - განაცხადა მიქაბერიძემ. 
საქალაქო სასამართლო ოქრუაშვილის კიდევ ორ ბრალდებას იხილავს: უკანონო ფორმირების შექმნა და სამსახურებრივი გულგრილობა. მიქაბერიძის განცხადებით, პროკურატურა ოქრუაშვილის მიმართ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე 10 იანვარს, ბრალდებაზე უარის თქმას აპირებს, ''რაც გამოიწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას". 
"იმედი გვაქვს, რომ ეს სასამართლო პროცესი მართლაც 10 იანვარს ჩატარდება და სხვა მოტივებით განუსაზღვრელი დროით არ გადაიდება", - აღნიშნა მიქაბერიძემ.

კომენტარები