საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფანჯიკიძე: ზოგიერთ საკითხში კოჰაბიტაცია გართულებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საგარეო უწყების ბოლო 2 თვის მუშაობა შეაჯამა. მინისტრის თქმით, საგარეო უწყებაში კოჰაბიტაციის პროცესი გარკვეულწილად კარგად მიმდინარეობს, თუმცა, "ზოგიერთ საკითხში კოჰაბიტაცია გართულებულია". 
პრობლემურ საკითხებს შორის ფანჯიკიძე ელჩების გამოწვევის საკითხს ასახელებს. 
"მოგეხსენებათ, რამდენიმე ელჩმა თავიდანვე გამოავლინა სურვილი, არ ეთანამშრომლა ახალ ხელისუფლებასთან. ამის მიუხედავად, 2 თვეა გასული და მხოლოდ ერთის გამოკლებით, ყველა თანამდებობას ინარჩუნებს. ალბათ, მომავალ 1-2 თვეში მათი გამოცვლის საშუალება მოგვეცემა. მე უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას გადავეცი სია იმ ქვეყნებისა, სადაც ახალ მთავრობას მიაჩნია, რომ მისი წარმომადგენელი უნდა იყოს ელჩი. ესეც არის გაჭიანურებული პროცესი და ვერ იძვრის ადგილიდან", - განაცხადა მინისტრმა. 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისიც განმარტა, რომ რამდენიმე მისიის ხელმძღვანელს როტაციის ვადა გასდის და ვინმეს ნება-სურვილზე აღარ იქნება დამოკიდებული მათი გამოწვევა. მინისტრის თქმით, ახალი კანდიდატურები უკვე შერჩეულები არიან, თუმცა მათი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.  
ფანჯიკიძემ ისიც აღნიშნა, რომ მისი მოსვლის შემდეგ სამინისტროს თანამშრომელთა დაახლოებით 96%-მა სამსახური შეინარჩუნა, მათ შორის, ორმა მინისტრის მოადგილემ. 

კომენტარები