შსს

ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მეორედ დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ სამართალდამცავებმა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით კაკაბაძე დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ კაკაბაძემ საკრებულოს თანამშრომლები, ვანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი ყალბი დოკუმენტის დამზადებაში წააქეზა. მათ მიერ გაყალბებული ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს ბაზაზე არსებული, მაღალი გამავლობის "ჰაილუქსის" მარკის ავტომობილი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გადაეცა", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
სამინისტროს მტკიცებით, 5 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი, სინამდვილეში 20 დეკემბერსაა შედგენილი. დავით კაკაბაძემ კი ვანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.  
შეგახსენებთ, რომ დავით კაკაბაძე ერთხელ უკვე იყო დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლომ იგი გირაოთი გაათავისუფლა. 

კომენტარები