პროკურატურა

არჩილ კბილაშვილი: ვანო მერაბიშვილი დაიკითხება

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დაიკითხება, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კბილაშვილის ცნობით, მერაბიშვილი ''საგადასახადო შეთანხმების მიზნით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტაციის გაყალბების საკითხზე'' დაიკითხება. 

მთავარი პროკურორის განმარტებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მერაბიშვილი საქმის შესახებ ინფორმირებულია.

"ეს ადამიანი ინფორმირებულობას ამჟღავნებს თემასთან დაკავშირებით, კანონი კი ამბობს, რომ გამოკითხული უნდა იყოს ყველა პირი, ვინც იცის საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოება. ამიტომ ლოგიკურია, რომ ვანო მერაბიშვილი მოცემულ საქმეზე იქნება დაკითხული", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისი თქმით, პროკურორი განსაზღვრავს, თუ როდის დაიბარებენ მერაბიშვილს დაკითხვაზე.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასულ კვირას ექვსი პირი, მათ შორის - ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების უწყებების ყოფილი ხელმძღვანელი, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დააკავეს.

კომენტარები