შსს

შსს: გუნავას დაკავების საკითხთან დაკავშირებით ხუთი თანამშრომელი გათავისუფლდა

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე სამსახურებრივი შემოწმება დაასრულა. დასკვნის საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლა.

შსს-ს აქამდე არსებული ინფორმაციით, დაკავების მომენტში შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, თენგიზ გუნავა, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მოგვიანებით, გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, გუნავას თმის ღერის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ამ დასკვნის გავრცელების შემდეგ, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ხელახალ შესწავლას საჭიროებდა.

ამ საკითხზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. შსს-ს განცხადების მიხედვით, საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებისთვის გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

კომენტარები