უზენაეს სასამართლოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სატელეფონო მოსმენებზე მოსამართლის ბრძანების გაცემის სტანდარტებს შეიმუშავებს და რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, განაცხადა. მისივე თქმით, ფარული სატელეფონო საუბრების შესახებ მოსამართლის ბრძანება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაასაჯაროვა, საიდუმლოა.
"ამ ბრძანებების გამოქვეყნების შემდეგ გასაჯაროვდა მოსამართლეთა სახელები და გვარები, ვინც ბრძანებები გასცეს. ასევე აშკარა გახდა იმ ადამიანების სახელი და გვარი, რომელთა ტელეფონების მოსმენაზეც იყო გაცემული ბრძანებები. ამ ფაქტიდან გამომდინარე, აუცილებელია ბრძანების გაცემის მაღალი სტანდარტის დაწესება, ამ საკითხს აწესრიგებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი, სადაც ძირითადი პრინციპი ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვაა. კანონში წერია, რომ დაუშვებელია ისეთი ოპერატიული სამძებრო საქმიანობის განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება და არღვევს ადამიანის პატივსა და ღირსებას", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
კუბლაშვილი მოსმენებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის განმარტებასაც გამოეხმაურა:
"გუშინ გამოირკვა, რომ ვინმე გიორგიზე იყო განხორციელებული ერთ-ერთი მოსმენა. იმ მიზნით, რომ მომავალში არ აღმოჩნდეს - ვინმე გიორგის სახელით შეიძლება მოუსმინონ საქართველოს პრეზიდენტს, ვინმე დავითის სახელით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ვინმე ნიკოლოზის სახელით - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ გამოვრიცხოთ სასამართლოს მხრიდან ასეთი ბრძანებების გაცემის შესაძლებლობა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი", - განაცხადა კუბლაშვილმა.
სამუშაო ჯგუფი დღესვე შეიქმნება.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ნიკა გვარამიასა და ვანო მერაბიშვილის სატელეფონო საუბრის მოსმენას. სასამართლოს განცხადებით, გამოძიებას მათი ფარულად მოსმენის უფლება არ ჰქონდა.





