საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, 20 დეკემბერს, რუსთავის საკრებულოში შეხვედრა გამართა და ქუთაისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
პრეზიდენტის თქმით, ქუთაისში პოლიციელებს ინსტრუქცია ჰქონდათ მიცემული, რომ არ გაკარებოდნენ ერთი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერებს, რათა მათ მოეხერხებინათ და „რაღაც გაეკეთებინათ პრეზიდენტისთვის“. ამის გამო, სააკაშვილის თქმით, პოლიციელები მთელი დღე ბოდიშს იხდიდნენ.
„გუშინ რომ დაინახეს, რომ არ გამოუვიდათ, ახლა კანონი შეაქვთ პარლამენტში, რომ პრეზიდენტს დაცვის სამსახური ჩამოერთვას. წაიღოს დაცვა. დაცვა სჭირდება იმ კაცს, ვინც ამას აკეთებს. მას ოთხჯერ-ხუთჯერ მეტი დაცვა სჭირდება. ქონება აქვს დასაცავი და ავლა-დიდება. მე დაცვა არ მჭირდება ჩემი ხალხისგან. მე არც ქონება მაქვს დასაცავი, სიამოვნებით ვივლი მარტო, შევხვდები ყველას და მაინც ყველაზე მაგარ სამუშაოს ჩავატარებთ და მაინც მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში აღდგება კანონიერება და წესრიგი”, - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 18 დეკემბერს განიხილა ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლას ითვალისწინებს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ შსს-მ ქუთაისში გუშინ, 19 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.




