"წინა და ახლანდელ პოლიციას შორის სხვაობა ისაა, რომ ამჟამინდელ სამართალდამცველებს აღარ მოუწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება. დეპოლიტიზაცია სწორედ ამას ნიშნავს. დაიცავით ყველას ადამიანის უფლებები, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, მათ შორის, მინისტრებიც და თანამდებობის პირებიც, რომლებიც ჩაიდენენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას", - აღნიშნა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ საპატრულო ეკიპაჟებთან შეხვედრაზე.
17 დეკემბრიდან თბილისს 76 საპატრულო ეკიპაჟის მაგივრად 111 მოემსახურება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავები არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე იმოძრავებენ. მისივე განცხადებით, ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ უკანონოდ გათავისუფლებული სამართალდამცველები და პატრულ-ინსპექტორების ახალ შემადგენლობაში პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულიც არიან.
მინისტრის თქმით, ცვლილებები, რომელიც საპატრულო პოლიციაში განხორციელდა, სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების მეტ გარანტიას იძლევა.
"შს სამინისტრო ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელებას გეგმავს. მალე, საპატრულო ეკიპაჟების რიცხვი რეგიონებშიც გაიზრდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.





