საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, ოლეგ მელნიკოვს კიევის დარნიცკის რაიონულმა სასამართლომ 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ დროის განმავლობაში სასამართლო მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხსაც განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანზე ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. მასთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 დეკემბერს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს: დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს და გერონტი ალანიას. ბრალდების მხარის ინფორმაციით, დათა ახალაიამ და სოსო თოფურიძემ 2012 წლის 5 ოქტომბერს დატოვეს საქართველო, ალანიამ - 22 ოქტომბერს, ხოლო მელნიკოვმა 2010 წლის 2 დეკემბერს და მის შემდეგ ქვეყნის საზღვრები არ გადმოულახავთ.
კუდ-ის მაღალჩინოსნები უფლებამოსილების გადამეტაში, კერძოდ პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებული. დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი.
ოლეგ მელნიკოვი კიევში 7 დეკემბერს დააკავეს.




