საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

რუსეთის წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძის არაფორმალური შეხვედრა ევროპის რომელიმე ქვეყანაში შედგება

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა . 
"მივესალმებით ბატონი სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას და ვადასტურებთ, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის მხარის წარმომადგენელთან. ევროპაში შეხვედრის ადგილი და დრო ზუსტდება. ასევე, დადებითად აღვიქვით ბატონი ლავროვის კომენტარი იმის თაობაზე, რომ მოსკოვი მზად არის, აღდგეს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისათვის",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას. 
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით 9 დეკემბერს ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
"ჩვენ ვეხმაურებით საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნას. დავამყარებთ მასთან კონტაქტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა რაღაცას გაარკვევს", - აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები