პროკურატურა

ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარედგინა

ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით კაკაბაძეს ბრალი წარედგინა - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კაკაბაძეს ბრალი სსკ-ის 156-ე მუხლით (დევნა ძალადობით) და 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც შესაბამისად, თავისუფლების სამი და სამიდან ხუთ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

„იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიწყო საქმის გამძიება მოქალაქე მამუკა შარაშენიძის დევნისა და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს, ციხის სკანდალური ფაქტების გამოქვეყნების შემდეგ, მოქალაქე მამუკა შარაშენიძემ ვანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ხმამაღლა გააპროტესტა ეს ფაქტი. მამუკა შარაშენიძის მიერ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის შესახებ ცნობილი გახდა ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი აქტივისტებისათვის. იმავე დღეს, დაახლოებით 21 საათზე, მამუკა შარაშენიძე მიიყვანეს ვანში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვანის ოფისის შენობაში, სადაც, ერთ-ერთ სამუშაო ოთახში, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით კაკაბაძემ, მამუკა ლეჟავამ და სხვა პირებმა (დაახლოებით ათამდე პირმა) გამოთქმული მოსაზრებისა და საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირების გამო, სასტიკად სცემეს ეს უკანასკნელი. გაუტეხეს ცვხირი, ჩაუმტვრიეს ნეკნი და მიაყენეს სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, პროკურატურა აპირებს, სასამართლოს მიმართოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შერჩევის შესახებ - კაკაბაძე სამი დღის მანძილზე საავადმყოფოში იმყოფებოდა. სასამართლოში გამოძიება მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხსაც დააყენებს.

 

კომენტარები