პარლამენტი

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

7 დეკემბერს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, 10-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტის თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლდებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, გარდა გარკვეული მუხლებისა. ასევე ადამიანები, რომლებმაც არასრულწლოვნების პერიოდში ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. მათ, ვინც არასრულწლოვნების ასაკში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასჯელი უნახევრდებათ. ამავე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ ქალებს სასჯელი ერთი მესამედით უმცირდებათ, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა. ამნისტია ასევე შეეხება გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩამდენ პირებს, გარდა შემთხვევებისა, რომლებსაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ჯამში, კანონის ამოქმედების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 3 ათასამდე პატიმარი დატოვებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი ეხება პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის სტატუსის მატარებელ პირებს. ამ კანონით მათზე პოლიტიკური ამნისტია ცხადდება.

 

კომენტარები