შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა გამოძიებასთან კვლავ არ ითანამშრომლა. "მიუხედავად გამოძიების მიერ მოპოვებული, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მერაბიშვილის ჩვენებას, ყოფილმა პრემიერმინისტრმა კვლავ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. იგი შეგნებულად ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმეში არსებული დამატებითი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შსს-მ გაავრცელა დაკითხვის ვიდეო და ფოტომასალაც.
ვანო მერაბიშვილი დღეს შსს-ში მეორედ დაკითხეს. შეგახსენებთ, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მის მიერ საქართველოს საზღვრის ყალბი დოკუმენტაციით გადაკვეთის მცდელობაზე.




