ახალი მთავრობა

ბიძინა ივანიშვილი: ტარიფების დაწევა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი

პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების შესაძლო შემცირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი მთავრობა „დამტკიცების პირველივე დღეს ფასების ანალიზს გააკეთებს'' და ტარიფების დაწევა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.

„უკვე გვაქვს ციფრები, რა ფასად ვყიდულობთ გაზს, რამდენი გვეკუთვნის უფასოდ, როგორია გაზის კომერციული ფასი, რომელსაც აზერბაიჯანისგან ვყიდულობთ, საშუალო ფასი დისტრიბუციამდე დაახლოებით 143-153 დოლარია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ არიან კომპანიები, რომლებიც ფასს ხელოვნურად ზრდიან. მოგვიანებით გაიგებთ ამას. ასეთივე წარმოდგენა გვაქვს ელექტროენერგიაზე, რომ ხშირად ტარიფები ხელისუფლების წევრების კომპანიების ხელოვნური ჩართულობით არის გაზრდილი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატს არ დაუკონკრეტებია რა რაოდენობით იქნება შესაძლებელი ტარიფების დაწევა.

„არსებობს რეზერვი, რომ ტარიფები დაიწიოს. მომავალში ამისთვის საჭირო იქნება მართვის ოპტიმიზაცია. მომავალშიც უნდა მოვახერხოთ, რომ ჰესების მეპატრონე ქვეყნისთვის ელექტროენერგია იყოს უფრო იაფი და არ იდგეს ევროპის განვითარებული ქვეყნების ფასებთან ახლოს. იმ კომპანიების ჩამოშორებით, რომლებიც ფასების შექმნაში მონაწილეობენ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ტარიფების დაწევა. რა რაოდენობით, ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ კლების ტენდენცია მომავალშიც სწორი ეკონომიკური გათვლებით შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები