ხელისუფლების გადაბარება

ხელისუფლებისა და ქართული ოცნების კონსულტაციების მეორე რაუნდი

დღეს, 8 ოქტომბერს ხელისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. ხელისფლებისა და ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლების გადაბარების პროცესი განიხილეს. დღევანდელ შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფო უწყებებში დღეიდან ქართული ოცნების სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ საქმიანობას, რომელთა მიზანი უწყებების საქმიანობის გაცნობა იქნება.

“შევთანხმდით, რომ დღეს საღამოდან შედგება კონსულტაციები მოქმედ მინისტრებსა და ჩვენს კანდიდატებს შორის. დღეს საღამოდან დაიწყება ასევე სამუშაო პროცესი – ჩვენი წარმომადგენლები ყველა უწყებაში მივლენ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა

ამავე დროს, უსუფაშვილის თქმით, კოალიციის სამუშაო ჯგუფები მხოლოდ სიტუაციას დააკვირდებიან და არ ჩაერევიან უწყებების მართვაში, სანამ ახალი კაბინეტი ოფიციალურად არ შეუდგება მუშაობას.

უსუფაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის საკითხსაც შეეხო. გარდა ამისა, მისი თქმით, მხარეები დღეს შეთანხმდნენ იმაზეც, რომ სამთავრობო სტრუქტურებში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაწყვეტილებები კოალიციასთან შეთანხმების გარეშე მიღებული არ იქნება.

უსუფაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის მიღებულ გადაწყვეტილება პრეზიდენტ მიხეილს სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის თაობაზე. თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ ასეთი შეხვედრა შედგება.

როგორც, თავის მხრივ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ქართული ოცნების ლიდერებთან დღეს გამართული შეხვედრა იყო საქმიანი და პოზიტიური. მისი თქმით, საუბარი შეეხო ხელისუფლების გადაბარების საკითხებს.

„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხელისუფლების გადაბარება კონსტიტუციის ფარგლებში მოხდება და ეს პირველი პრეცედენტია ჩვენს ისტორიაში. დღეს დაიწყება და შედგება კომუნიკაცია უწყებებსა და მინისტრობის კანდიდატებს შორის ყველა მიმდინარე საკითხზე იმისთვის, რომ მომავალ მთავრობას ჰქონდეს წარმოდგენა იმ პროცესებზე, რაც უწყებებში მიმდინარეობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

თუმცა, მისი თქმით, ქართული ოცნების სამუშაო ჯგუფებისთვის „არანაირი გადაწყვეტილებების დელეგირება არ ხდება“. „მოქმედი მთავრობა მუშაობას გააგრძელებს მანამ, სანამ არ დამტკიცდება ახალი მთავრობა, არანაირი შერეული ხელმძღვანელობა არ იარსებებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კონსულტაციების მომავალი რაუნდი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება. 

  

კომენტარები