ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნება ქეთრინ ეშტონის და შტეფან ფულეს განცხადებას მიესალმება

საარჩევნო ბლოკი ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება მიესალმება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონისა და ევროკომისრის შტეფან ფულეს მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას საქართველოს მომავალი არჩევნების შესახებ.

ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება აფასებს ევროკავშირის მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, ”რომელიც კიდევ უფრო დაჩქარდება დემოკრატიის ევროპული სტანდარტების ერთგული პოლიტიკური ძალების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.”

ქართული ოცნება აგრეთვე, იზიარებს ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ განცხადებაში ხაზგასმულ შეფასებას იმის შესახებ, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემებად რჩება დემოკრატიის კონსოლიდაცია, მიღწეული ეკონომიკური შედეგების ხალხზე გადანაწილება და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის სრულფასოვანი მონაწილეობა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.

”ვიზიარებთ განცხადებაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის გამო, რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე იზრდება პოლარიზაცია და დაპირისპირება. სამწუხაროდ, კოალიცია "ქართული ოცნების" და მისი ლიდერის მზარდ პოპულარობას სააკაშვილის გუნდმა დაძაბულობისა და რეპრესიების ესკალაციის გარდა სხვა ვერაფერი დაუპირისპირა, რამაც მართლაც სახიფათო ზღვრამდე მიიყვანა დაპირისპირება მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის.” - ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

3 სექტემბერს ევროკომისარმა შტეფან ფულემ და კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ევროკავშირის წარმომადგენლები ორივე მხარეს, საქართველოს მთავრობასაც და ოპოზიციასაც მოუწოდებენ „გააგრძელონ მშვიდობიანი, მოქმედებისთვის ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს და ასევე ჯანსაღი მედია გარემოს უზრუნველყოფა’’. განცხადებაში აგრეთვე, ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძლიერი პარტნიორია და ევროკავშირის წარმომადგენლები მხარს უჭერენ დინამიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

 

კომენტარები