ივანიშვილი პოლიტიკაში

უსუფაშვილი: ივანიშვილს ვთხოვდი, თანამდებობა არ დაეტოვებინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, რომ ქვეყანას ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილი მართავს. ამავე დროს, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ თავად სთხოვდა ივანიშვილს, ფორმალური თანამდებობა არ დაეტოვებინა.

„ბიძინა ივანიშვილთან მქონდა ძალიან ბევრი საუბრები, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა...  მაშინაც ვთვლიდი, ახლაც ვთვლი, რომ ერთი წლით მისი დარჩენა იმ თანამდებობაზე, სადაც იყო, ან რამე სხვა თანამდებობაზე, საჭირო იყო იმისთვის, რომ სისტემა ყოფილიყო უფრო გამართული“,  - განაცხადა ტელეიმედის გადაცემა რეაქციაში უსუფაშვილმა.

მისი თქმით, „ივანიშვილის ღია მონაწილეობის პირობებში... კიდევ ერთი წელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნებოდა ძალიან ბევრი რამის დამასტაბილიზებელი და გზაზე დამყენებელი. მოხდა ის, რაც მოხდა. მე ის პრეტენზია კი არ მაქვს მასთან, რომ რამეში არასწორად ერევა, არამედ  ის, რომ ჯობდა უფრო მეტად ჩარეულიყო და ის პასუხისმგებლობა, რაც ერთად ავიღეთ, იმ ფორმატით გაგვეგრძელებინა“.

უსუფაშვილის განმარტებით, კოალიციის „გადაწყობას“ ქვეყნის მართვის ახალ მეთოდებზე ბევრად მეტი დრო სჭირდება. 

კომენტარები