ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნება NDI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა

ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ კოალიცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვებს არ ენდობა.

მისი თქმით, ქართული ოცნების მთავარი ინდიკატორი არა რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, არამედ მხარდამჭერთა ის უპრეცედენტო რაოდენობაა, რომელიც კოალიციის მიერ ჩატარებულ აქციებზე დაფიქსირდა.

"NDI-ის შესახებ კომენტარი უკვე არაერთხელ გავაკეთეთ და ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ამ და მსგავს კვლევებს არ ვენდობით, რადგან არ ვიცით, აღნიშნული კვლევის ჩატარების წარმომავლობა, არ ვიცით წყარო, საიდანაც ის ფინანსდება. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ - ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა უპრეცედენტო იყო.” - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა NDI–ის კვლევების შედეგებით კმაყოფილია. მისი განმარტებით, აღნიშნული გამოკითხვა მნიშვნელოვანია, რადგან ის კვალიფიციური და კომპეტენტურია. გიორგი გაბაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მადლობელია საკუთარი ამომრჩევლის, რადგან მმართველ გუნდს მათი მაღალი მხარდაჭერა აქვს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 36% ხმას ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა, 18% კი ქართულ ოცნებას. 5%-იან ბარიერს ვერ ლახავს სხვა ვერცერთი პარტია.

კვლევა 4-22 ივნისს, ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამდე ჩატარდა. მთელ საქართველოში 6,299 რესპოდენტი გამოიკითხა.

 

კომენტარები