უკრაინა

კიევში რუსული ენის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გრძელდება

უკრაინაში, კიევის ცენტრში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელიც უმაღლესი რადის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის წინააღმდეგაა მიმართული, გრძელდება.

კიევის პოლიცია აცხადებს, რომ ამჯერად მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად შემოღების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, ძალას არ გამოიყენებს.

აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკრაინის სხვა ქალაქებშიც იმართება. ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა იულია ტიმოშენკომ თავის მომხრეებს აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღნიშნული გამოსვლები უკრაინული ენის დაცვისკენაა მიმართული.

ქვეყნის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, იგი რუსული ენის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებთ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დოკუმენტს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

უკრაინის მილიციასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს მოაწერს, რუსული ენა ქვეყნის 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან 13 ერთეულში რეგიონალური ენის სტატუსს მიიღებს.

 

კომენტარები