აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ კანონპროექტი, რომელიც ჯანდაცვის სფეროს მასშტაბურ რეფორმას ითვალისწინებს, კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო. აღნიშნული რეფორმა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროექტია.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, რომელსაც აშშ - ის პირველმა პირმა ხელი 2010 წელს მოაწერა, შეერთებული შტატების ყველა მოქალაქე 2014 წლიდან ვალდებულია სამედიცინო დაზღვევა იქონიოს. სარჩელი სასამართლოში ამერიკის დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნულმა ფედერაციამ და 26 შტატმა შეიტანა. პეტიციის ავტორების აზრით, კონგრესმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც აშშ-ის ყველა მოქალაქე დაავალდებულა ან აიღოს დაზღვევა, ან ჯარიმა გადაიხადოს.
ცხრა მოსამართლიდან ხუთმა ობამას რეფორმა კონსტიტუციურად მიიჩნია. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფედერალურმა სასამართლომ ინდივიდუალური მანდატის მუხლი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
Obamacare-ის ( ასე შეარქვეს კანონპროექტს კრიტიკოსებმა) მოწინაღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ ფედერალურ მთავრობას არ აქვს უფლება აიძულოს ვინმე, დაზღვევა იყიდოს. ობამა კი ამტკიცებდა, რომ ასეთ უფლებამოსილებას commerce clause იძლევა. სასამართლო ამ არგუმენტს ნაწილობრივ დაეთანხმა და თქვა, რომ შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირების უფლებამოსილების საფუძველზე ვერავის აიძულებ დაზღვევა იყიდოს. იმისთვის რომ ვაჭრობა არეგულიროს ფედერალურმა მთავრობამ, ჯერ თავისთავად ვაჭრობის აქტი უნდა შედგეს, მაგრამ როცა ადამიანი არ ყიდულობს დაზღვევას, მაშინ არც ვაჭრობას აქვს ადგილი და შესაბამისად, არც მისი რეგულირების უფლებამოსილება წარმოიშვება.
ამის მიუხედავად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ინდივიდუალური მანდატი კონსტიტუციურია საგადასახადო უფლებამოსილების საფუძველზე - თუ არ იყიდი დაზღევას, მაშინ დაგაჯარიმებენ, ეს ჯარიმა კი სასამართლომ მიიჩნია იმ გადასახადად, რომლის დაწესებაც ფედერალურ მთავრობას შეუძლია.
კრიტიკოსები სასამართლოს ამგვარ მიდგომას არასწორად მიიჩნევენ, თვლიან, რომ საგადასახადო უფლებამოსილება არ შეიძლება მიუსადაგო უმოქმედობას. როცა ღებულობ შემოსავალს, ეს შეიძლება დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით, როცა ყიდულობ რამეს, ეს შეიძლება დაიბეგროს დღგ ან ვაჭრობის გადასახადით. ქონების ფლობის შემთხვევაში ის შეიძლება დაიბეგროს ქონების გადასახადით. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე კი გამოდის, რომ შტატებში გადასახადი შეიძლება დაგეკისროს, უბრალოდ, არსებობისთვის. აქედან გამომდინარე, უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ სასამართლო პასიურია - მისი მოვალეობაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი ან პრეზიდენტი თავიანთ უფლებამოსილებას აჭარბებენ, უთხრას მათ ამის შესახებ. დღეს სწორედ ამ პასიურობამ კონგრესს უფლება მისცა, ამერიკელებს გადასახადი დაუწესოს იმისთვის, რომ ცოცხლობენ.
ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ობამას ადმინისტრაციის სერიოზული გამარჯვებაა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის იმ მუხლს, რომელიც ინდივიდუალურ მანდატს ეხება, ამომრჩეველთა ორი მესამედი ეწინააღმდეგება, ამან კი შეიძლება რესპუბლიკელებს და მათ ამომრჩეველს ახალი სტიმული მისცეს.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებას. მათი შეფასებით, აღნიშნული რეფორმა ფედერალური ხაზინის ხარჯებს გაზრდის. საყურადღებოა, რომ ობამას მთავარი კონკურენტი არჩევნებზე - რესპუბლიკელი მით რომნის წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამ რეფორმის კრიტიკაზეა დაფუძნებული. რომნი პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამ კანონს გააუქმებს. თუ სოციოლოგიურ გამოკითხვებს დავუჯერებთ, ახლანდელი პრეზიდენტის ინიციატივას მხარს ამერიკელების 44 პროცენტი უჭერს, როდესაც წინააღმდეგი 56-ია.





