რუსეთი

რუსეთში მომიტინგეების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრეს

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დღეს კანონპროექტი მიიღო, რომელიც საპროტესტო აქციების ჩატარების რეგულაციებისა და ჯარიმების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი 132-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

აღნიშნული კანონპროექტის უარყოფისაკენ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატას პრეზიდენტთან არსებული ადამიანთა უფლებების საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ ფედოტოვმა მოუწოდა. მისი თქმით, კანონში ცვლილებების შეტანა ”შეცდომაა და იგი საზოგადოებრივი კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.”

მიტინგებზე და საპროტესტო აქციებზე წესრიგის დარღვევისათვის ჯარიმების გაზრდის შესახებ კანონი რუსეთის პარლამენტმა გუშინ ღამით მესამე მოსმენით მიიღო. Интерфакс - ის ინფორმაციით, დოკუმენტი მმართველი პარტიის, ”ედინაია რასიას” დეპუტატების ხმების შედეგად მიიღეს. დანარჩენი პარტიები აღნიშნულ კანონპროექტს არ უჭერენ მხარს.

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მასობრივ გამოსვლებზე წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 10 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, ოფიციალურ პირს 20 ათასი, ხოლო იურიდიულ პირს 33 ათასი დოლარი.

გავრცელებული ცნობით, ფრაქცია ”სამართლიანი რუსეთი” აპირებს, კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით საკონტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

 

კომენტარები