არენა

ბოლო ჟამის მართლმადიდებელი

მართლმადიდებელი მაშინ ხარ, როცა ურჯულო პაპისტების ტაძრებს საიმედოდ დაიპყრობ, ხოლო სომეხ მწვალებლებს ეკლესიებს არ დაუბრუნებ – ჯობს განადგურდეს. რასაც მოიხვეჭ, შენია, რაც არა – დაკარგულია.

მართლმადიდებელი ხარ, როცა მამათმავლებს ცხვირპირს გაუერთიანებ და სამგზის მართლმადიდებელი იქნები, თუ ყველა მამათმავალს ერთად ერთ დიდ გემში შეყრი, ზღვის შუაგულში გაიყვან და გადაუძახებ – გამორჩეული სათნოება ეს მაშინაა, როცა თავადაც ლატენტური მამათმავალი ხარ.

მართლმადიდებელი ხარ, როცა კაცური კაცი, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი და ნაქეიფარი, ოჯახურ კერას დაუბრუნდები და ცოლს შეუძახებ: დედაკაცო, უწმინდესის კურთხევა აღასრულე დროზე და ტაშტი მოიტა და ფეხები შიგ ჩამაყრევინე და დამბანე და თავი შემომწირე და ა.შ.

მაშინაც ხარ მართლმადიდებელი, როცა გარეჯისა და ვარძიის ქვაბულებს ევრორემონტით გაამშვენებ, ბეტონის ბლოკებით ამოქოლავ, კონდიციონერებს დაუმონტაჟებ – მაგრილობელი ნიავის ამბავში, ხოლო გაურკვეველი საზღვრების დასაპყრობად შავფაროსანთა ლაშქარს წაუძღვები და მამაპაპურ ომს გააჩაღებ.

მართლმადიდებელი ხარ, როცა ეკლესიის მტრად და ერის მოღალატედ გამოაცხადებ ყველა არამართლმორწმუნეს და ღმერთის სახელით დაატერორებ და დააჩმორებ უჯიშოებს.

მართლმადიდებელი ხარ, როცა ეროვნულ გენს გამოიკვლევ ახალი მეთოდებით და დარწმუნდები, რომ თეთრი, იბერიული რასსის სისხლი გიჩქეფს ძარღვებში.

მართლმადიდებელი ხარ, როცა შავჯიპს ისე ორგანულად შეეზრდები, რომ ძნელი იქნება გარჩევა, სად არის შავიჯიპი და სად შავანაფორიან შავსათვალიანი მეუფე.

მართლმადიდებელი ხარ, როცა საღვთო წერილს არც შენ წაიკითხავ და არც სხვას მისცემ ამის უფლებას, არამედ ოქროსა და ვერცხლის ყდებში გამოამწყვდევ, რომ წონაში მოიმატოს და თუ საჭირო გახდა, მტერსა და მოღალატეს თავში ჩასცხებ.

მართლმადიდებელი მაშინაც ხარ, როცა იმავე საქმისთვის ჯვრის, ხატისა და საცეცხლურის გამოყენების ხელოვნებას დაეუფლები, ხრიდოლთან ერთად.

მართლმადიდებელი ხარ, როცა ერთმორწმუნე პუტინს პრეზიდენტობას მიულოცავ, ხოლო ერთმორწმუნე მედვედევს პრემიერობას – შემდეგ მედვედევს ისევ პრეზიდენტობას და პუტინს ისევ პრემიერობას, შემდეგ პუტინს ისევ პრეზიდენტობას და მედვედევს ისევ პრემიერობას და ასე უკუნითი უკუნისამდე

ხოლო ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ხარ ის, ვინც უწმინდეს მაჯას კრიალოსანთან ერთად უძვირფასესი შვეიცარიული საათით დაიმშვენებ და მერმე სასწაულებრივად გააქრობ მას, საათის ანარეკლს კი მაგიდის პრიალა ზედაპირს შეატოვებ მარადისობის ანაბეჭდად.

მართლმადიდებელი ხარ, როცა ოშკსა და იშხანს დაიკიდებ, დასანგრევად გაწირავ და ერთი მეჩეთის აშენებასაც კი არ დაუშვებ გაბრწყინებული ივერიის მიწაწყალზე.

მართლმადიდებელი ხარ მაშინ, როცა ლოცვას გააძლიერებ და საპროტესტო ლიტურგიასაც გამართავ, თუ საჭირო შეიქნა.

მართლმადიდებელი ხარ, როცა ღმერთზე უკეთ ეშმაკს იცნობ და ღვთის შიშს ეშმაკის შიშითა და მახვილით დანერგავ.

მართლმადიდებელი ხარ მაშინ, როცა ფუფუნებაში ჩაფლული სამშობლოსთვის ჯვარს ეკვრი და სამშობლოც ჯვარს გაეკვრება შენთვის ამის გამო.

მართლმადიდებელი ხარ, როცა უნეტარესის დასაცავად ცხრასართულიანი გინებით ბუღსა და კორიანტელს დააყენებ forum.ge-ში და მართლმადიდებელი ხარ მაშინაც, როცა ლიბერასტებს ამ ცხრასართულიანებს გადაუგზავნი ფეისბუქით.

მართლმადიდებელი ხარ, როცა გრანდიოზულ კონცერტს გამართავ პარიზში, სამას კაცს წაასხამ, ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში განთავსდები, მაგალითად ინტერკონტინენტალში, და ამას მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედების მიზნებით ჩაიდენ – გინდა მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარო. ძალიან მაგრა გინდა. მართლაც რომ მოდი ჩემთან, უფალო, დავიღალე. იავნანო და ვარდოვნანო.

მართლმადიდებელი ხარ, როცა სიძულვილის წილ სიძულვილს თესავ და სიყვარულის წილ ისევ სიძულვილს თესავ და ვიღაც ნაზარეველ ბომჟს ყურს არ უგდებ – სასაცილოდ გეყოფა განა კაცს ამ გიჟის მცნებები? ეგ ვინ იყო? ღრუბლებში დაფრინავდა, ცხოვრებისა არაფერი გაეგებოდა. ჰოდა, გაფრინდა კიდევაც სადაც საჭიროა. მორჩა, აღარ არი.

და აი, მართლმადიდებელი ხარ, როცა იმ გიჟი იესოს მიმდევრების სიძულვილით გაქვს აღვსილი წმინდა გული, იმათი მტრობით სულდგმულობ, ვინც ჩვენ, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ფარისეველ იბერიელებს მტრების სიყვარულზე, მეორე ლოყის შეშვერაზე, მაგინებელთა დალოცვაზე და ეგეთ სისულელეებზე გვიჩიჩინებს.

 

„არავითარ შემთხვევაში ელექტრონული ბარათების, პირადობის მოწმობების აღება არ შეიძლება. იქ არის მხეცის სახელი დაფიქსირებული – სამი ექვსიანი... იუსტიციის სახლები შეიქმნა საქართველოში. ეს არის ის ადგილები, სადაც ანტიქრისტეს მომსახურება მოხდება და ანტიქრისტესთვის ყველანაირ ნიადაგს მოამზადებენ საზოგადოებაში”.

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი. 2011 წელი.

 

„თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხნის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა”.

საქართველოს საპატრიარქოს სპეციალური განცხადება თურქეთ-საქართველოს სახელმწიფოებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. მანამდე, 26 იანვარს, ანკარაში თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები შეთანხმდნენ ოშკისა და იშხნის რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებაზე, ხოლო ახალციხეში – რაბათის კომპლექსში არსებულ აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაციაზე. 

 

„ეს ვნებათაღელვა ჩაცხრება მაშინ, როცა ეს საკითხი გადაწყდება, ისე როგორც საჭიროა და ისე როგორც სამართალი მოითხოვს. როცა ეს სადემარკაციო ხაზი ორ ქვეყანას შორის გაივლის ჩვენი ძეგლების იქით... მანამდე არ დაცხრება ვნებათაღელვა. ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ აქტიური მოქმედებები, რადგან დალოდების დრო არ არის. იქ თუ გაივლო ხაზი და მოხდა შეთანხმება, შემდეგ საჭიროა უკვე ომი, რომ დაიბრუნო ის”. 

 დავით გარეჯის წინამძღვარი, მამა ილარიონი მეცხრე არხის ეთერში საუბრობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. 16 მაისი, 2012. 

 

„ბოლო-ბოლო გინდა, როგორც იაპონია დაემხო, ისე დაემხოს ეს ქვეყანა? გინდათ, რომ ღმერთმა გოგირდი გვაწვიმოს? მოხდება ეს, დაუშვებს ღმერთი ამას”.

დეკანოზი დავით ქვლივიძე მიმართავს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს. 17 მაისი, 2012. 

 

„კათოლიკურმა ეკლესიამ, სანამ მრევლს დაკარგავდა, ღმერთი დაკარგა. ღმერთს რომ დაკარგავ, ადამიანებსაც კარგავ ... მათ არა მარტო დაკარგეს მრევლი, არამედ იმდენად წაუხდინეს თავიანთ მრევლს წარმოდგენა საკუთარ რელიგიაზე, კათოლიციზმს ვგულისხმობ, რომ დიდი უმრავლესობა მათი მიდის მუსულმანობაზე”.

დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი  მედიაკავშირ ობიექტივის სტუდიაში ევროპაში კათოლიკური ეკლესიის შესახებ საუბრობს. 2011 წელი.

 

„ჩვენ ძალადობისკენ არასდროს არავის... თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, თვლის, რომ ამ ადამიანების მიერ თავისი ავადმყოფობის დემონსტრირება მიუღებელია. ისინი არამარტო მძიმე ცოდვაში არიან, არამედ ესაა ავადმყოფობა. მათ კანონი იცავთ, სახლში არავინ უვარდებათ, მაგრამ გეი-აღლუმების ჩატარება საჭირო არაა. საზოგადოების ნაწილს ეს აღიზიანებს და ჩვენ ამ პროცესის შესაჩერებლად ბერკეტი არ გვაქვს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ქუჩებში ტრანსპარანტებით არ უნდა გამოვიდნენ”.

მამა მიქაელ ბოტკოველი მედიასთან საუბრობს 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობაზე. 17 მაისი, 2012. 

 

„ჩვენ დიდი ხანია ბევრ რამეს ვითმენთ... რაც არ უნდა ჭკვიანი ადამიანები შეიკრიბონ, ეშმაკზე გენიოსები ვერ იქნებიან... ტყუილად იბრძვიან და ტყუილად ცდილობენ, აკრძალული ხერხებით გვირტყან. ჩვენ ვითმენთ ამ გამოხტომებს, ერთხელაც იქნება, ჭკუასაც ვასწავლით... ჩვენც ადამიანები ვართ, სასულიერო პირები და ყველანაირი ბრძოლა შეგვიძლია... თუ ესენი, მცირერიცხოვანი – საიდან მოტანილი, არ ვიცი – საზოგადოებები იცავენ თავს, ჩვენ ვერ დავიცავთ? თუ რა ძალა გაგვაჩერებს... ჩვენ მიმართ არის ყველანაირი ექსტრემიზმი... ჩვენ არაფრის არ გვეშინია”.

გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი სამების ტაძარში  ქადაგებაში უკანასკნელ მოვლენებს – ლგბტ და ფემინისტთა აქციებს, ასევე დავით გარეჯის თემას განიხილავს. 

 

„ისინი ავადმყოფებიც არიან და უმძიმეს ცოდვაშიც იმყოფებიან. ჩვენ ვართ ტრადიციული, მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომლისთვისაც ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის ნება. ... უნდა ჰქონდეს იმის ბერკეტები, რომ ხალხის გაღიზიანება არ გამოიწვიონ ერთეულმა ავადმყოფმა ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებაში ზიზღსა და სიძულვილს იწვევენ”.

მამა მიქაელ ბოტკოველი  ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობაზე კომენტარს აკეთებს. 17 მაისი, 2012. 

 

„2013 წელში, ეს არის მეცნიერული ახსნა... მზეზე მოხდება დიდი აფეთქებები, მაგნიტური ველი მოიცავს მთელ კაცობრიობას. მაგნიტური ველის გავრცობით მთელ კაცობრიობაზე, დაიკარგება მთელი ელექტრონული კომუნიკაციები. ამ დროს მაგნიტური ველი ადამიანის გონებაზე ცუდად იმოქმედებს და კაცობრიობის ნახევარი გაგიჟდება... და ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ შეშლილ ადამიანს... ასეთი შეიძლება პრეზიდენტი გახდეს, პრემიერი გახდეს, მეფე, დედოფალი”.

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი მეუფე იობ აქიაშვილი ქადაგებაში მოსალოდნელ კატასტროფაზე საუბრობს. 2011 წელი.

 

„ნუ აფიქსირებენ ქართველები, რომ გეიები არიან. ეს არის უცხო ქვეყნიდან, გარედან მოხვეული თემა, რომ გადაფარონ დავით გარეჯის ისტორიული თემა...  ერთი პატარა ბაღი გაუკეთეთ გეიებს და მიეცით... ეგენი პროვოკაციისთვის არიან მოსულები. არ არიან ქართველები. ... ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ დაესხით თავს და რაღაცა – მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი”.

ქაშვეთის ტაძრის მოძღვარი მამა ელიზბარი  გამოთქვამს მოსაზრებას რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ლგბტ უფლებადამცველთა მისამართით. 18 მაისი, 2012. 

 

კომენტარები