არენა

საბჭოეთის ზოოპარკი: ინტერვიუ თომას დვორჟაკთან

„ჩემთვის საქართველო სახლია. მეგობრების უმრავლესობაც საქართველოში მყავს. ირანში რომ გადავალ, მომენატრება, მაგრამ, მეორე მხრივ, რამდენჯერაც დავბრუნდი, გაუცხოებულად თავი არასდროს მიგრძვნია, ამიტომაც წასვლა არ მეშინია”, – ამბობს გერმანელი ფოტოგრაფი თომას დვორჟაკი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს. მისი ახალი წიგნის – „სოჭს მიღმა” – პრეზენტაცია მწერალთა სახლში, „თბილისის ფოტოფესტივალის” ორგანიზებით, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. „მაგნუმის” სრულფასოვან წევრს ირანში გამგზავრებამდე გავესაუბრეთ.

როგორ მომზადდა „სოჭს მიღმა”?

2012-13 წლებში, National Geographic-ისაგან მივიღე შეკვეთა, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოეთ კავკასიაში უნდა მემუშავა. პროექტის მიზანი იყო გადამეღო რეგიონი, რომელსაც 2014 წელს სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის უნდა ემასპინძლა. რაღაც განსხვავებულის გაკეთება მინდოდა, ვფიქრობდი, იქნებ გამოვიდეს-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში წლების წინ ვიმოგზაურე. ჩეჩნეთში, დაღესტანსა და საქართველოში 1990-იან წლებში ვიმუშავე, აფხაზეთში მაშინაც სოჭის გავლით ჩავედი. გადავიღე შავ-თეთრი ფოტოების სერია, რომელიც გაერთიანებულია ალბომში „კავკასია”. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, არ ვიცოდი რა გამოვიდოდა. National Geographic-ს, პრინციპში, სულ 12-14 ფოტო სჭირდებოდა და მათი თემატიკაც წინასწარ გვქონდა შერჩეული: მთები, ჩერქეზეთი, ოლიმპიადა, პოსტსაბჭოთა მონაპოვარი და ა.შ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6-8-ჯერ ჩავედი. ჯერ ერთი კვირით, შემდეგ რამდენიმე დღით, სამი კვირითაც კი დავრჩი.

Image removed.National Geographic-თან თანამშრომლობა მუშაობის საუკეთესო საშუალებაა, სასწავლო გრანტივით არის, რადგან კარგად გიხდიან და ყველაფრით უზრუნველყოფილი ხარ. ისღა დაგრჩენია, იმუშაო. ამიტომაც არ არის შეკვეთის შესრულება რთული. შემდეგ ვიფიქრე, რომ გადაღებულის გამოცემა ყველაზე დროული იქნებოდა. ავიღე 300 ფოტო, როგორც ჩემი მოგზაურობის ამსახველი დღიური და პარიზის „მაგნუმში” დავტოვე. ვერცერთს ვერ გაყიდდნენ – ფოტოები National Geographic-ის საკუთრება იყო. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ გამოჩნდა გამომცემლობა, მოგვარდა საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები და გამოიცა წიგნი „სოჭს მიღმა” (Beyond Sochi), სადაც ფოტოები ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის რუკებზე განლაგდა და ინგლისელი მწერლის, ჟურნალისტის – უილიამ დანბარის ტექსტთან ერთად, ვფიქრობ, ერთგვარი გზამკვლევია მათთვის, ვისაც ჩრდილოეთ კავკასიაში მოგზაურობა სურს.

 

რითი იღებდით?

წიგნში შესული ფოტოების ერთი მესამედი აიფონით არის გადაღებული. დანარჩენი, გადავწყვიტე, პოლაროიდის ფორმატში გადამეყვანა, რათა ბევრი დატეულიყო. მისი დროულად გამოცემა და გაყიდვა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. უფრო ადრე მინდოდა მომზადებულიყო. ქინდლისთვის გაკეთებული ვერსიაც გამოვიდა…

ანუ უმნიშვნელოა რაზე იღებთ?

დიახ, ჩემთვის სულერთია. პოლაროიდის ფილტრიც არ გამომიყენებია. არადა, ფოტოებს, რომელიც ძველ წიგნშია შესული, 20 წელი ვიღებდი და ვეძებდი 80 საუკეთესოს, შედევრს… დღეს უკვე სხვაგვარად ვფიქრობ. წიგნში „სოჭს მიღმა” შესულია კარგი ფოტოების ნაწილი, რომელიც National Geographic-იდან ავიღე და არცთუ ისე ცუდი ფოტოებიც (ფოტოგრაფიული თვალსაზრისით), რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესოა. აღარ მინდა მკარნახობდეს ფოტოგრაფიულობა იმას, თუ რა და როგორ უნდა გადავიღო.

საუბრისას რამდენჯერმე ახსენეთ აფხაზეთი და შეხვედრები აფხაზებთან. როგორ ცხოვრობენ?

აფხაზეთში ყოველთვის დავდიოდი… საქართველოშიც აფხაზეთიდან მოვხვდი, 1993 წელს… ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამყარო… ისინი საბჭოთა წარსულში დარჩნენ! აფხაზეთსა და საქართველოს შორის სხვაობა ყველაზე მძაფრად სამი წლის წინ ვიგრძენი, როცა ერთ საღამოს ვიმგზავრე ჯერ სოხუმში, შემდეგ ბათუმში და გავოგნდი, რადგან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ სამყაროში მოვხვდი.

ქართულად თუ ლაპარაკობენ?

როცა სვამენ და თვრებიან, რუსულად ან რომელიმე უცხო ენაზე კი არ ლაპარაკობენ, არამედ ქართულად, ცუდი ქართულით, ცხადია, მაგრამ ქართულად… მაგრამ საქართველო განვითარდა, აფხაზეთი კი წარსულში დარჩა და ძალიან შორეულია. ისინი სულაც არ არიან რუსებით კმაყოფილნი. სოჭში ჩავედი თუ არა, უსამართლობა დავინახე. აფხაზები სულ რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობენ ადგილთან, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი მშენებლობა მიმდინარეობდა, ანუ მზადება ოლიმპიადისთვის და ისინი არაფერში დაუსაქმებიათ, მათთვის არაფერი მიუციათ. ძალიან სევდიანია ყველაფერი…

საქართველო შეიცვალა?

პირადად ჩემთვის, საქართველო ყოველთვის იყო ყველაზე არასაბჭოთა. როდესაც ვიღებ, მაგალითად, სადგურს აზერბაიჯანში ან ჩრდილოეთ კავკასიაში, მაშინვე მორბის პოლიცია, საქართველოში კი არავის აინტერესებს. ცოტა ხნის წინანდელ ამბავს თუ არ ჩავთვლით, როდესაც რუსთაველზე კარვების გადაღება ამიკრძალეს, 20 წლის განმავლობაში ჩემთვის საქართველოში არავის არაფერი უთქვამს. თქვენი ქვეყანა საშინელ 90-იან წლებშიც არ იყო საბჭოთა და ახლა ხომ საერთოდ, რასაც ვერ ვიტყვი აფხაზეთზე. ის ჩემთვის არის საბჭოთა კავშირის ზოოპარკი, სადაც შეიძლება მოაწყო ტურები და ხალხი ჩაიყვანო იმისთვის, რომ აჩვენო მაიმუნები, როგორ გამოიყურება საბჭოთა კავშირის გადმონაშთი. სულ რაღაც დოკუმენტი გჭირდება, აგროვებ ქაღალდებს, თანხმობებს… საბჭოთა კავშირია, აბა რა?! ეს რუსეთში მცხოვრები ადამიანების ნაწილს შესაძლოა კიდევაც მოსწონს, ასეთებისთვის სულაც არ იქნება სასიამოვნო ჩასვლა ბათუმში, რომელიც ასეთი მდიდრულია, დასავლურია. მათ, შესაძლოა, უფრო მოსწონდეთ ჯდომა სადღაც, რომელიღაც სანატორიუმში, სადაც წიწიბურას კომპოტს დააყოლებენ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვიგებ, რატომ წავიდნენ ადამიანები სოჭში ან რატომ დადიან აფხაზეთში, რატომ უნდა ჩახვიდე ციმბირიდან სოჭში, 5 დღე იყო მატარებელში და მოხვდე იქ, სადაც შეურაცხყოფას გაყენებენ და ყველაფერში საოცარ თანხებს გახდევინებენ?! მართლაც ძალიან ძვირადღირებული ხუმრობაა! მაშინ, როდესაც იქ გახარჯული ფულის მეოთხედით შეგეძლო აგეღო ბილეთი, ჩამჯდარიყავი თვითმფრინავში და გადაფრენილიყავი, მაგალითად, ანტალიაში, სადაც თითქმის ყველა ლაპარაკობს რუსულად, სადაც ბევრი რუსია. არ მესმის!

საქართველოში რატომ დარჩით?

იმდენი ხნის ამბავია, რომ აღარც მახსოვს. როცა პირველად ჩამოვედი, 20 წლის წინ, მაშინ ვიფიქრე, მოდი, დავრჩები ნახევარი წლით, რასაც მოჰყვა ჯერ ერთი წელი, მერე წელიწად-ნახევარი და ბოლოს გამოვიდა, რომ განვლილი ცხოვრების ნახევარი საქართველოში გავატარე. ახლა სადაც არ უნდა მივდიოდე (ამერიკაშიც კი!), საქართველოდან მივდივარ. რაღაც ისეთი კავშირი ჩამომიყალიბდა, რომ ყოველთვის ვბრუნდები.

ვხედავ, გასამგზავრებლად ემზადებით. საით?

ახლა ირანში მივდივარ. იქ გადავდივარ საცხოვრებლად. ირანელი ცოლი მყავს და იქ ცხოვრების ნებართვა მივიღე. ყოველთვის ვამბობდი, რომ 5 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა წავიდე, საკუთარი თავი ვაიძულე, რომ წავიდე საქართველოდან. ასეთი მიჯაჭვულობაც არ ვარგა, თორემ, შესაძლოა, სულ დარჩე. ამიტომაც მივდივარ! გზა უნდა გავაგრძელო.

ირანი განსხვავებულია...

სულაც არა, დიდი საქართველოა. მართლა ძალიან ჰგავს საქართველოს. ირანში ისლამი ტივტივებს სათავეში, თორემ, ვფიქრობ, აქ უფრო რელიგიურია ხალხი, ვიდრე იქ...

იქაც გადაიღებთ?

არა, კორესპონდენტი აღარ ვიქნები, უნივერსიტეტში სპარსული ენა უნდა ვისწავლო. ცხოვრებაში ყოველთვის უნდა შეცვალო რაღაც, უნდა გააგრძელო, არ უნდა გაჩერდე. თეირანი ორჯერ უფრო ახლოა საქართველოსთან, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი. ასე რომ, ძალიან შორსაც არ მივდივარ. თეირანში ძალიან უყვართ ქართველები. ისეთი გამართული ქართულით ლაპარაკობენ, სხვაგან რომ ვერსად მოისმენ. ისინი ამაყობენ მაგალითად იმით, რომ დიდი ბებია ქართველი ჰყავდათ.

როგორც ფოტოკორესპონდენტზე, რომელმა ქვეყანამ მოახდინა მძაფრი შთაბეჭდილება?

სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მომწონდა ჩრდილოეთ კავკასია. ყოველთვის ახლოს იყო ჩემთან. ხშირად დავდიოდი, გავიცანი ადამიანები. ახლა გაჩნდა რაღაც კედელი, ძირითადად დასავლეთსა და რუსეთს შორის, რამაც ყველაფერი გაართულა. სულ ეჭვის თვალით გიყურებენ, გათვალიერებენ, მოწინააღმდეგედ აღგიქვამენ, გვაფურთხებთ და დაგვცინითო, გეუბნებიან... ახლო აღმოსავლეთში ვმოგზაურობდი და ძალიან დიდი ნაწილი ამბის, რომელიც ახლა იქ ხდება, აღარ შეგვიძლია ავსახოთ, ვნახოთ. ბევრი რამ დღეს აღარ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი.

ანუ გართულდა გადაღებაც?

ჩრდილოეთ კავკასიაში განსაკუთრებით. ადრე იქ ჩასვლას და ადამიანებთან ურთიერთობას არ სჭირდებოდა ისეთი ორგანიზება, როგორც ახლა გახდა აუცილებელი. რაღაცის გაკეთება, მეტ-ნაკლებად შეიძლება, მაგრამ უფრო ძალდატანებით. ადრე თავისუფლად ვმუშაობდი, დღეს უკვე შეიცვალა პირობები. ამიტომაც მომწონდა და მომწონს საქართველო. აქ არასოდეს არ მიგრძვნია, რომ ვიღებ. საქართველოში ცხოვრობ, აკეთებ შენს საქმეს, ურთიერთობ ადამიანებთან და ეს უფრო ბუნებრივია, ვიდრე საათობრივად გაწერილი გადაღებები. ახლო აღმოსავლეთიდან ბოლოს ლიბიაში ჩავედი. თუმცა, ჩეჩნეთის შემდეგ ჩემთვის ყველგან რთული იყო. წავედი კოსოვოში, აფრიკაში, მაგრამ თავს უცხოდ ვგრძნობდი, რამდენადაც არ მესმოდა ენა და ა.შ. დღეს უკვე სიახლოვე აღარც ჩეჩნეთთან აღარ მაქვს, ყველას ეჭვის თვალით უყურებენ.

ფოტოგრაფიაზე ლექციებიც წაგიკითხავთ და როგორ მოგწონთ?

დიდად არ მომწონს და არც ვიცი, რამდენად შეიძლება გამოადგეს ადამიანს ჩემი გამოცდილება. ვფიქრობ, უმჯობესია გაჩუმდე, გადაიღო, იარო სულ წინ და იცხოვრო. ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო ფოტოგრაფიულობას. გასაგებია, რომ მნიშვნელოვანია პრიზები, პრემიები და ა.შ. მაგრამ მთავარი მაინც არ არის. დეკემბერში ვიყავი კიევში, თოვლი იდო და გადავიღე ფოტოები. თავიდან არა უშავდა, მაგრამ როგორც კი თოვლი დადნა, შედევრები გახდა. ამაზე მეტად საინტერესოა, ნახო რაღაც მოულოდნელი და ეცადო გადაიღო რაღაც ისეთი, რაც ფოტოგრაფიულ იდეას არ შეიცავს...

ასეთი „მოულოდნელი” რომელია თქვენი ფოტოებიდან?

ფოტო, რითაც, შეიძლება ითქვას, ფოტოგრაფიამ „ჩამავლო”, გადავიღე აფხაზეთში (National Geographic-მა დაბეჭდა): მასობრივი დაკრძალვის დროს ქალი მოდის აირწინაღით. ასეთი აბსურდი არ მქონდა ნანახი. ვიგრძენი, რომ მხოლოდ ასეთი ფოტოების გადაღების შემთხვევაში ჰქონდა მუშაობას აზრი.

ფოტოგრაფიის დონემ მნიშვნელოვნად აიწია. ამის მიუხედავად, ადამიანებს რამის სიღრმისეულად აღსაქმელად და შესასწავლად დრო აღარ რჩებათ. თუმცა, კარგად გადაღება უკვე ბევრმა იცის. აი, სადღაც მიყრუებულ ქალაქშიც კი ნახავ ადამიანს, რომელიც ძალიან კორექტულად, ლამაზად და საკმაოდ ნორმალურად იღებს. 10-15 წლის წინ სხვაგვარად ვფიქრობდი, ახლა მაინტერესებს ისტორიები, რომლებსაც ადამიანები ინსტაგრამის საშუალებით ავრცელებენ. შარშან მოვიპარე კიდეც ასეთი ფოტოები და ჩავთვალე, რომ აუცილებლად უნდა შემენახა. არ ვიცი, ამით როგორ ვისარგებლებ – მათი დაბეჭდვა ხომ არ შეიძლება, მაგრამ მომწონს. შესაძლოა, სულაც არ არის შედევრები, მაგრამ ამბის მოსაყოლად საკმარისია. მაგალითად, რომის პაპის არჩევნების დროს, ადამიანები ფოტოებს უღებდნენ თავიანთ ცხოველებს, რომლებსაც რომის პაპის მსგავსად აცმევდნენ. აბა, ასეთი ფოტოების გადაღებას როგორ შევძლებდი?! ამით იქმნება საერთო ისტორია. ასეთ ფოტოებზე ვნადირობ. მათში არის ნაივურობა, უცოდინრობა, რომელიც ჩვენ აღარ გვაქვს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რისკენ ვისწრაფვით და რა გვინდა მივიღოთ, როცა ვიღებთ.

კომენტარები