
გროზნომდე თბილისიდან ორასი კილომეტრიც არ იქნება. მარხაზე და მისნაირი ბავშვების არსებობაზე ჩვენ მაინც ძალიან ცოტა რამ ვიცით – იქნებ იმიტომ, რომ ცოტა მოიძებნება ისეთი, ვინც მათზე მოყოლას გადაწყვეტს. ან იქნებ იმიტომაც, რომ გროზნოს ფოტოებისგან განსხვავებით, გლამურული ჟურნალების ფოტომასალის თვალიერება უფრო დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს და ნაკლებ დისკომფორტს გვიქმნის. თბილისის ფოტოფესტივალი, რომელიც წელს უკვე მესამედ ტარდება, კვლავ ცდილობს, რეალობისგან თავის არიდების ნაკლები გზა დაგვიტოვოს. „ფოტოგრაფია არის არა დეკორაცია, არამედ რეალობის დანახვის გზა, საშუალება, დააფიქრო მნახველი მიმდინარე მოვლენებზე. რადგან ეს ყველაფერი აქ არაა, არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ არსებობენ, ეს ყველაფერი სადღაც არ ხდება”, – ამბობს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნესტან ნიჟარაძე.

ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად, ევროპის კვირის ფარგლებში ტარდება, 29 მაისს ევროპის სახლში ჩატარებული პრესკონფერენციით გაიხსნება და ერთი კვირის შემდეგ დასრულდება. პროგრამა შვიდ დიდ გამოფენას მოიცავს. კავკასიის მასშტაბით წელს პირველად იქნება გამოფენილი ცნობილი ფოტოჟურნალისტის, ფოტოსააგენტო NOOR-ის დამაარსებლის, სტენლი გრინის სერია „ჩეჩნეთის გზაზე” (1994-2003), რომელშიც ომის ამსახველი ფოტოებია შესული. გრინი ფოტოფესტივალს პირადად ეწვევა და ორ ივნისს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში დისკუსიას გამართავს. ასევე ოთხ ივნისს, „გროზნო: ცხრა ქალაქის” ფარგლებში მოეწყობა სლაიდშოუს ჩვენება და შეხვედრა სტენლი გრინთან, იური კოზირევთან (NOOR), ოქსანა იუშკოსთან, მარია მორინასთან და ოლგა კრავეცთან.
ფესტივალის მნიშვნელოვანი გამოფენაა „სირია: მხილება”, რომელსაც წარმოგვიდგენენ უილიამ დენიელსი, სტეფან დოკი, სეამუს მერფი, რემი ოშლიკი, ალესიო რომენცი,მანი, ასევე უცნობი სირიელი ფოტოგრაფები. ექსპოზიცია სირიაში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს ასახავს.
საინტერესო სანახაობას გვპირდება „ირანი: განიღბული გამოსახულება”. ექსპოზიცია ფოტოფესტივალს ოთხ ივნისს 
თბილისის ისტორიის მუზეუმში მეცხრამეტე საუკუნის პორტრეტების ექსპოზიცია გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები, როგორებიც არიან დიმიტრი ერმაკოვი, ალექსანდრე როინაშვილი, ედუარდ კლარი და სხვა. ფესტივალზე ქართულ ფოტოგრაფიას წარმოადგენს ნათელა გრიგალაშვილიც, დოკუმენტური ფოტოსერიით „დედა ენა”.
ჯგუფური გამოფენა „შავი ზღვის ფერები” სპეციალურად ამ ფოტოფესტივალისთვის ეწყობა და ათი თანამედროვე ცნობილი ფოტოგრაფის ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. ესენი არიან: ჯორჯ გეორგიუ (Parnos Pictures), ფილიპ გიონი (MYOP), ჟულიენ დანიელი (MYOP), თომას დვორჟაკი (Magnum Photos), იური კოზირევი (Noor), იუსტინა მელნიკევიჩი, რაფალ მილახი, ბორის მიხაილოვი, გიორგი პინხასოვი (Magnum Photos), ვანესა უინშიფი (VU), სერგეი ჩილიკოვი.
ფესტივალის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებებიც – ორ ივნისს გუდიაშვილის ბაღში გაიმართება ტაბულა ART-ის ორგანიზებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ Kung Fu Junkie, Ladmark, Radioactive.
ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი მოვლენა ალბათ „ფოტოგრაფიის ღამე” იქნება – არლის ფესტივალის La nuit de l’annee-ს ქართული ვერსია. ორ ივნისს, ძველ თბილისში, ღია ცის ქვეშ თავს მოიყრის უამრავი ადამიანი, რომ კვლავ ნახოს მსოფლიოს საუკეთესო ფოტოპროდუქცია – Noor, GQ, Elle, Liberation, Telerama, Vu, MYOP-ის და ბევრი სხვა სააგენტოსა და გამოცემის ფოტოსახელოსნოებიდან. ამისთვის ათი ეკრანი დამონტაჟდება, აბანოთუბნიდან გუდიაშვილის ბაღამდე.
ფოტოგრაფიის დღესასწაულამდე სულ რაღაც ერთი დღე რჩება...
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასების სერიაც, რომელსაც ეროვნული მუზეუმის აუდიტორია უმასპინძლებს 31 მაისს, 2, 3, 4 ივნისს. ფესტივალის საპატიო სტუმრის, სტენლი გრინის გარდა, ქართულ პუბლიკას ფრანგული სააგენტოს MYOP ფოტოგრაფებთან, იური კოზირევთან და Russian Reporter Magazine-ის ფოტორედაქტორ ანდრეი პოლიკანოვთან შეხვედრის შესაძლებლობაც ექნებათ.
რუკისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ფოტოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisiphotofestival.com შეიძლება.





