ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნება წინასაარჩევნო პროგრამას 27 მაისის შემდეგ წარადგენს

პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება” საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამას 27 მაისის შემდეგ წარადგენს.

Ekhokavkaza - ს ინფორმაციით, გაერთიანების ერთ-ერთ წევრმა, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო სტრატეგია კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა.

ალასანიას თქმით, პარტიის პროგრამა ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების საკითხებს, აგრეთვე, სოფლის მეურნეობასა და განათლების სისტემას.

”პროგრამას 27 მაისის შემდეგ წარვადგენთ, მას შემდეგ, რაც თბილისში მასშტაბური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.” - აღნიშნა თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა.

ალასანიას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი საქმიანობის განმავლობაში 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. მისი თქმით, გაერთიანების ლიდერმა ყველაზე უკეთ იცის, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

”გარწმუნებთ, რომ მთავრობაში მოსვლის შემდეგ ჩვენი კოალიცია საგადასახადო კოდექსს და საგადასახადო პოლიტიკას შეცვლის. დღეს შექმნილი ვითარების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე საკუთარ ეზოში ჩვეულებრივ ჯიხურს ჩადგამს, მას მაშინვე დაადგება თავზე საგადასახადოს წარმომადგენელი, რომელიც საგადასახადო აპარატის არქონის გამო მოქალაქეს 500 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოუწერს. ჩვენ შევცვლით არსებულ ვითარებას.” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსში 2010 წლის სექტემბერში შემუშავებული ცვლილებების თანახმად, მეწარმეები, რომლებიც მიკრობიზნესის სტატუსით სარგებლობენ და შესაბამისად, მათი წლიური ბრუნვაც 30 ათას ლარზე ნაკლებია, საშემოსავლო გადასახადისა და სალარო აპარატის გამოყენებისგან თავისუფლდებიან. სალარო აპარატების გამოყენება არც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებისთვისაა აუცილებელი, რომელთა წლიური ბრუნვაც 100 ათას ლარზე ნაკლებია. მათ შესაძლებლობა აქვთ ფიქსირებული გადასახადი გადაიხადონ. დაწვრილებით: ალტერნატიული გადასახადი

 

კომენტარები