ლონდონი 2012

ფეხბურთელთა ტურნირი

ოლიმპიადის მასპინძელი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული ნაკრები საფეხბურთო ტურნირის ოქროსთვის ბრძოლას A ჯგუფში დაიწყებს. მასპინძელთა მეტოქეები სენეგალის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ურუგვაის ნაკრებები იქნებიან.

მომდევნო ჯგუფებში გუნდები შემდეგნაირად განაწილდნენ: B ჯგუფი – მექსიკა, კორეა, გაბონი, შვეიცარია; C ჯგუფი – ბრაზილია, ეგვიპტე, ბელარუსი, ახალი ზელანდია; D ჯგუფი – ესპანეთი, იაპონია, ჰონდურასი, მაროკო. მეოთხედფინალში ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები იასპარეზებენ.

წილისყრამ, რომელიც ლონდონში შედგა, არგენტინელთა გარეშე ჩაიარა. პეკინის და ათენის ოლიმპიადის ტრიუმფატორი ალბისელესტე ლონდონის ოლიმპიადაზე საერთოდ ვერ მოხვდა.

ოლიმპიადაზე 23-წლამდელთა ნაკრებები იასპარეზებენ. გადაწყვეტილია, რომ მონაწილეთა ოფიციალურ განაცხადში 18-18 ფეხბურთელი იქნება, რომელთაგან 15 აუცილებლად 1989 წლის 1 იანვრის შემდეგ უნდა იყოს დაბადებული. დანარჩენთა ასაკი კი შეზღუდული არაა.

საფეხბურთო ტურნირი 26 ივლისს დაიწყება: გლაზგოს ჰემპდენ პარკზე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. ესპანეთი ბოლო ევროპული გუნდია, რომელმაც ოლიმპიადა მოიგო – 1992 წელს ბარსელონაში.

ლონდონი 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო ტურნირის თამაშებს მანჩესტერის ოლდ ტრაფორდი, ქოვენთრის სითი, კარდიფის მილენიუმი, გლაზგოს ჰემპდენ პარკი, ნიუკასლის სენტ ჯეიმსი და ლონდონის უემბლი უმასპინძლებს. ფინალი 11 აგვისტოს სწორედ ამ ლეგენდარულ სარბიელზე გაიმართება.

ლონდონშივე შედგა ქალ ფეხბურთელთა ტურნირის წილისყრა. ჯგუფები ასე დაკომპლექტდა: A – დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, კამერუნი, ბრაზილია; B – იაპონია, კანადა, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა; C – აშშ, საფრანგეთი, კოლუმბია, ჩრდილოეთ კორეა. მეოთხედფინალში პირველ-მეორე ადგილოსნები და 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი იასპარეზებს.

ქალთა ტურნირი 25 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება, გადამწყვეტი მატჩი კი ასევე უემბლიზე შედგება.

კომენტარები