"მოსკოვი ეძებს წამალს ფერადი რევოლუციების შხამის წინააღმდეგ,“ - წერს „კომერსანტი“ სტატიაში სათაურით -„ კონტრრევოლუციურ საქმეთა კომიტეტი.“
სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტი ქმნის მრჩეველთა საბჭოს, რომლის მიზანიც იქნება „ახლო საზღვარგარეთში“ რუსეთის ინტერესებისთვის სახიფათო პროცესებისა და „ფერად რევოლუციებთან“ დაპირისპირების საკითხების გაანალიზება.
"კომერსანტს“ მოჰყავს ერთ-ერთი იმ ექსპერტის განმარტებაც, რომელიც ჩართულია საკონსულტაციო საბჭოს ფორმირებაში. გამოცემა ექსპერტის სახელს და გვარს არ აკონკრეტებს, თუმცა წერს, რომ ის სამომავლო საბჭოს, ფერადი რევოლუციების საწინააღმდეგო ანალიტიკურ ცენტრად“განიხილავს და ფიქრობს, რომ დაკავებული იქნება ისეთი საკითხის გაანალიზებით, როგორიცაა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები როგორც „ფერადი რევოლუციების“ იარაღი, თანამედროვე ტექნოლიგიების როლი საპროტესტო მოძრაობების ორგანიზებაში.
"კომერსანტის“ ცნობით, დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი საბლინი ( პარტია „ედიანია რასია“) ადასტურებს, რომ კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო დაკავებული იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებისა და საფრთხეების გაანალიზებით. გამოცემა საბლინზე დაყრდნობით იუწყება, რომ საბჭოს მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება რუსეთის ფარგლებს გარეთ თანამემამულეთა მდგომარეობის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრის წევრ სახელმწიფოებზე სხვა სახელმწიფოების გავლენის შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ დუმის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ „კომერსანტის“ ინფორმაციას სიცრუე უწოდა, თუმცა კი დაადასტურა, რომ მის კომიტეტთან ექსპერტთა საბჭო მართლაც იქმნება და დასძინა: „ ეს იქნება ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო და არა ნარინჯისფერ საფრთხესთან ბრძოლის საბჭო, ჟურნალისტებმა რაღაცეები აურიეს. საბჭოში შევლენ სწავლულები, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრივის სპეციალისტები, იურისტები. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება ინტეგრაცია და არა კონტრრევოლუციები, ხოლო რუსეთის ინტერესების დაცვა პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მარტო იქ - საერთოსახელმწიფოებრივი ამოცანაა.“
"რია ნოვისტის“ ცნობით, ლეონიდ სლუცკიმ ხაზი გაუსვა, რომ დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის და საკონსულტაციო საბჭოს მთავარი მიმართულება იქნება მუშაობა ევრაზიულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.




