აშშ

ობამა სეულში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის მედვედევთან

სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, აშშ-ის ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა , რომ დაკავებულია ბარაკ ობამას და დმიტრი მედვედევის შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოთი. სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, მაკფოლმა აღნიშნა ისიც, რომ სეულის შეხვედრა იქნება ობამას და მედვედევის ბოლო შეხვედრა სახელმწიფო ლიდერების ამპლუაში. მოგვიანებით, როცა პუტინი რუსეთის პრეზიდენტის სავარძელს დაუბრუნდება, რუსეთის სახელით აშშ-ის ლიდერს პუტინი დაელაპარაკება. რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მოსკოვში 7 მაისს არის დაგეგმილი.

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი უკვე გაემგზავრა სეულში. ის იქ აპირებს ორმხრივი შეხვედრების გამართვას ჩინეთის, რუსეთის, სამხრეთ კორეისა და თურქეთის ლიდერებთან. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი  სამხრეთ კორეაში პაკისტანის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 26-27 მარტს იმუშავებს და მასში 50 -ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

 

 

კომენტარები