ფეხბურთი

პლანეტა ბარსა

წელს ფლორენტინო პერესი პირველად გახდა მადრიდის რეალის პრეზიდენტი.

სამეფო კლუბის სათავეში მისვლის შემდეგ, სასტუმრო რიცში გამართულ მიღებაზე, მილიარდერმა ბიზნესმენმა თქვა: „არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ სიმართლეს ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს – რეალი საუკეთესო საფეხბურთო ბრენდია მსოფლიოში!”

თუ ვინმეს გულზე მოხვდა მისი სიტყვები, პირველ რიგში, კატალონიის სიამაყეს – საფეხბურთო კლუბ ბარსელონას. და თითქოს ეს არ კმარაო, მცირე ხანში რეალის ახალმა პრეზიდენტმა კამპ ნოუდან საუკეთესო ფეხბურთელი, პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ გადაიყვანა. ეს, მშვენივრად ხვდებით, ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო!

პორტუგალიელის სარეკორდო ტრანსფერით – 2000 წლის ზაფხულში რეალმა მასში 58,5 მილიონი ევრო გადაიხადა – პერესმა „გალაქტიკოს” შენება დაიწყო. ფიგუს გენიოსი ფრანგი ზინედინ ზიდანი მიჰყვა უფრო შთამბეჭდავი გარიგებით – 76 მილიონი ევრო, 2002 წელს –- მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი რონალდო, 2003 წელს – ინგლისელი სუპერვარსკვლავი დევიდ ბექემი და სამეფო კლუბიც, მანამდე ვალები რომ ახრჩობდა, მომგებიან კორპორაციად იქცა.

მაგრამ თუ პრეზიდენტის პოლიტიკით მადრიდის რეალის საბანკო ანგარიშები ყოველწლიურად იზრდებოდა, იქ, მინდორზე, თეთრებმა მთავარ კონკურენტს – ბარსელონას დაუთმეს პოზიციები.

დღეს საუკეთესო საფეხბურთო ბრენდი ბარსელონაა და ეს სადავო რომ არაა, ესპანელი ჟურნალისტის, კარლეს სალმურის ძალიან საინტერესო და მრავლისმთქმელი კოლექციაც ცხადყოფს.

საინფორმაციო სააგენტო La Vanguardia-ს დოკუმენტური მასალების განყოფილების მთავარმა რედაქტორმა ახლახან დაასრულა კვლევა, რომელიც ზემოთქმულს ამტკიცებს: ბოლო წლების განმავლობაში მან ათასამდე ფოტო შეაგროვა, რომელიც ყველა კონტინენტზეა გადაღებული და მასზე ბარსელონას მაისურით ან საკლუბო ატრიბუტიკით შემოსილი ხალხია აღბეჭდილი. ჟურნალისტმა ეს მასალები

საინფორმაციო სააგენტოების – როიტერი, ასოშეიტედ პრესი, ფრანს პრესი, ეფე – არქივებში მოიძია.

ერთ მშვენიერ დღეს სალმურიმ რედაქციის საერთაშორისო პოლიტიკის განყოფილებაში მისული ფოტოებიდან რამდენიმე კადრი შეარჩია, რომელზეც ბარსელონას მაისური ჩანდა. მალე მათ კიდევ რამდენიმე დაემატა და ნელ-ნელა კოლექციაც შეივსო.

დღეს არქივი უამრავ საინტერესო ფოტოს ითვლის: ერთზე აღბეჭდილია თაკარა მზის ქვეშ ბარსას ქოლგით მდგარი ერაყელი – ამ ფოტომ The International Herald Tribune-ის გარეკანი დაამშვენა; მეორეზე იემენის სამთავრობო ძალების მიერ დახვრეტილი ამბოხებულები – ერთ-ერთი ბარსას მაისურშია; მესამეზე ლიბიელი პარტიზანი ბარსას კეპით ბენზინგასამართ სადგურზე... სალვადორის ყველაზე საშიში დაჯგუფების – მარა სალვატრუჩას 18 წლის წევრი – ბარსას შარფი აქვს წაკრული... საკლუბო ტრუსებში გამოწყობილი მოზეიმე სუდანელები... პატარა პალესტინელი ბიჭუნა მესის მაისურით მეჩეთში, ყურანის კითხვისას... ლტოლვილი სირიელი თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჰატაიში – მხარზე ბარსელონას პირსახოცით...

სალმურის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბრაზილიის ჩრდილოეთით, პატარა ქალაქ სან-ფელისში გადაღებულ ფოტოს: მდინარე ამაზონის თვალუწვდენელ აუზში ჩაკარგული ერთ-ერთი მიყრუებული სოფლის მცხოვრებნი, კაიაპოს ტომის ხალხი სამედიცინო შემოწმებაზეა, ერთ-ერთი კი ბარსას მაისურშია. როგორ მიაღწია ბარსელონამ იქ? არავინ იცის...

არც ბარსელონას მაისურში გამოწყობილი სახელგანთქმული ადამიანების ფოტოების ნაკლებობაა: შოტლანდიელი მსახიობი, მისტერ ჯეიმს ბონდი – შონ კონერი; სამხრეთ აფრიკის ექსპრეზიდენტი, პოლიტიკოსი ნელსონ მანდელა; მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფორმულა 1-ში, გერმანელი ავტომრბოლი სებასტიან ფეტელი; ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი და მისი თანამემამულე, მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი; NBA-ს ვარსკვლავი და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი კობი ბრაიანტი; Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი; ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი და პალესტინელთა ლიდერი მაჰმუდ აბასი...

„ბარსა ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია და გუნდიც ზუსტად პასუხობს ხალხის სიყვარულს – იუნისეფთან გაფორმებული უპრეცედენტო კონტრაქტი ამის დასტურია”, – ამბობს კარლეს სალმური.

2006 წლიდან ბარსელონა გაეროს ბავშვთა ფონდს ყოველწლიურად მილიონ-ნახევარი ევროთი ეხმარება. ის, რომ კატალონიური გუნდი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დიდი პატივისცემით სარგებლობს და პოპულარულია, გარკვეულწილად, ამ ნაბიჯის დამსახურებაცაა.

შესაძლოა, ჩვენ არ მოგვეწონოს კლუბის მესვეურთა სატრანსფერო პოლიტიკა ან გავღიზიანდეთ, როცა გუნდი პრიმერადივიზიონის მაჩანჩალასთან უსახურად ითამაშებს, მაგრამ ერთ საკითხში აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ – დღეს ბარსელონა საუკეთესო ბრენდია.

და თუ ზემოთქმულში მაინც ეჭვი გეპარებათ, შეგახსენებთ, რომ კარლეს სალმურის ფოტოკოლექცია არასაფეხბურთო თემაზე მთელ მსოფლიოში გადაღებულ ათასამდე ფოტოს ითვლის.

მათ, ვისაც არ იცნობენ ან არ უყვართ, კარს არ უღებენ.

ბარსელონამ კი ყველგან შეაღწია.

იქაც კი, სადაც არც იციან, რა არის ფეხბურთი და რას ნიშნავს ბარსა.

Facebook & Twitter

დედამიწაზე დაახლოებით 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

ამ 7 მილიარდიდან Facebook-ის და Twitter-ის სოციალურ ქსელებში თითქმის მილიარდ 500 მილიონი ადამიანია გახვეული.

და ამ თითქმის მილიარდ-ნახევრიდან 25 მილიონზე მეტი საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ოფიციალური გვერდების მომხმარებელია:

Facebook-ზე კატალონიურ კლუბს 21.376.981 ადამიანი ანიჭებს უპირატესობას, Twitter-ზე – 3.741.040!

ორივე ქსელში კატალონიის სიმბოლო ლიდერია და აქედან მარტივი დასკვნაც:

ბარსელონა ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელების ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია!

საფეხბურთო კლუბების ათეული Facebook-ზე (მომხმარებელი)

1.ბარსელონა 21.376.981

2.მადრიდის რეალი 20.351.777

3.მანჩესტერ იუნაიტედი 19.961.486

4.ლონდონის არსენალი 7.740.591

5.ლონდონის ჩელსი 7.405.514

6.ლივერპული 7.231.126

7.ტურინის იუვენტუსი 7.101.434

8.მილანი 6.212.535

9.სტამბოლის გალათასარაი  6.078.660

10.დორტმუნდის ბორუსია 2.853.174

საფეხბურთო კლუბების ათეული Twitter-ზე

1.ბარსელონა 3.741.040

2.მანჩესტერ იუნაიტედი 2.729.691

3. მადრიდის რეალი 2.464.341

4.ლონდონის ჩელსი 1.110.594

5.ლონდონის არსენალი 946.855

6.ლივერპული 493.501

7.სტამბოლის გალათასარაი 466.638

8.სტამბოლის ფენერბახჩე 295.873

9.მილანი 176.297

10.სტამბოლის ბეშიქთაში 53.783

კომენტარები