აშშ

ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ერთსქესიანი ქორწინების კანონპროექტს ვეტო დაადო

შაბათს, ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორმა, კრის კრისტიმ ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ითვალისწინებს. ცოტა ხნით ადრე, 13 თებერვალს, ნიუ-ჯერსის სენატმა, 24 ხმით 16-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზებას.

გუბერნატორის ვეტოს გადასალახავად დემოკრატებს ორივე პალატაში ხმების ორი მესამედის მოპოვება დაჭირდებათ. მათ ეს 2014 წლის თებერვლამდე უნდა მოახერხონ.

რესპუბლიკელი კრისტი, რომელსაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატადაც განიხილავენ, მიიჩნევს, რომ მსგავს საკითხებს არა კანონმდებლები, არამედ მოსახლეობა უნდა წყვეტდეს - რეფერენდუმის მეშვეობით. კრისტი საკანონმდებლო ხელისუფლებას მოუწოდებს, ენდოს ნიუ-ჯერსის მოსახლეობას და საშუალება მისცეს, საკუთარი აზრი გამოხატოს საკითხზე, რომელიც „მნიშვნელოვან, ღრმა საზოგადოებრივ ცვილებებს გულისხმობს“.

CNN-ი იტყობინება, რომ უკანასკნელი კვლევებით, ნიუ-ჯერსის მაცხოვრებელთა 52% ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების მომხრეა.

ამ დროისთვის ნიუ-ჯერსის ხელისუფლება აღიარებს ერთსქესიან სამოქალაქო კავშირებს, რომლის წევრები იმავე უფლებებით სარგებლობენ, რითაც ჰეტეროსექსუალი წყვილები, თუმცა ეს კავშირები არ იწოდება „ქორწინებად“. კრისტის თქმით, ის მხარს უჭერს მსგავს სამოქალაქო კავშირებს.

ანალოგიური დებატი მიმდინარეობს მერილენდის შტატშიც, სადაც დემოკრატი გუბერნატორი მარტინ ო’მალი ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ლობირებს.

დღესდღეობით აშშ-ში ერთსქესიანი ქორწინება დაშვებულია ვაშინგტონის შტატში, ნიუ იორკში, მასაჩუსეტსში, ვერმონტში, ნიუ ჰემპშირში, კონექტიკუტში, აიოვასა და კოლუმბიის ოლქში.

 

კომენტარები