რუსეთი

მოსკოვში ოპოზიციის შემდეგი აქცია 26 თებერვალს გაიმართება

მოსკოვში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების მიმართ წინა აქციებზე წამოყენებული მოთხოვნები ძალაში დატოვეს. აქციის მონაწილეებმა პოლიტპატიმართა გათავისუფლება, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა, საარჩევნო სისტემის რეფორმა და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მოითხოვეს.

ოპოზიციონერემბა მსვლელობა მოსკოვის ცენტრში, ბოლოტნაიას მოედნამდე მოაწყვეს. პოლიციიის ცნობით, მოედანზე 35 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. თუმცა, გაზეთ კომერსანტის მონაცემებით, აქციის მონაწილეთა რიცხვმა 120 ათასამდე შეადგინა.

მომიტინგეებს პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და კულტურის წარმომადგენლებმა, მათ შორის ჯგუფ ДДТ-ს ლიდერმა იური შევჩურმა მიმართეს. გამოცხადდა შემდეგი აქციის თარიღიც - 26 თებერვალი.

დღესვე, პოკლონაიას  გორაზე პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერთა აქციაც გაიმართა. კომერსანტის ინფორმაციით, მიტინგზე 30-35 ათასამდე მოქალაქე მივიდა. „მათ ქვეყნის დაშლა უნდათ. მათ სურთ, რუსეთი სისხლში ჩაახრჩონ“, - ბოლოტნაიაზე შეკრებილი ოპოზიციის მისამართით განაცხადა ტელე-ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ. აქციაზე გამომსვლელებმა ვლადიმირ პუტინს რუსეთის სტაბილურობის  გარანტი უწოდეს.

აქციებმა მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

 

კომენტარები