ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახური ადასტურებს, რომ შპს ,,იგრიკა“, რომელსაც აქვს საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის უფლება, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა და უახლოეს ხანში დაგეგმილია ახალი სატელიტური ტელემაუწყებლობის ამოქმედება.
"ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გაკეთებულ თავის პირველსავე განცხადებაში მოუწოდა საქართველოში მოქმედ ყველა ტელევიზიასა და ჟურნალისტს, გამიჯვნოდნენ პროპაგანდისტულ ჟურნალისტიკას, ჩამდგარიყვნენ სიმართლის სამსახურში და აღუთქვა, რომ თავად იქნებოდა მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი,"– აცხადებენ პრეს-სამსახურში და ირწმუნებიან, რომ ახალ ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალიტებს ექნებათ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, ” რაც ტელევიზიის დებულებასა და კონტრაქტებში აისახება შესაბამისი ფინანსური ვალდებულებებითა და გარანტიებით".
ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია ”აქცეპტს” შპს ”იგრიკას” 100 პროცენტიანი წილი მართვის უფლებით გადაეცა - 2013 წლის 13 დეკემბრამდე . ”აქცეპტის” 80 პროცნტიანი წილის მფლობელი კი ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა. შპს ”იგრიკა” 2006 წელს ტელეკომპანია მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ დაარსა.




