საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილეთა მეორე ნაკადს შეხვდა. პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. მისი ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რაიონების არაქართულენოვან სკოლებში მოხალისე ქართული ენის პედაგოგების გაგზავნაა.
შერჩეული 150 პედაგოგი სექტემბრიდან უკვე ასწავლის სკოლებში, მომავალში მათ 160 პედაგოგი შეემატება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოხალისე პედაგოგების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რეგისტრაცია 700-მდე კანდიდატმა გაიარა, ხოლო ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად საუკეთესო 160 მონაწილე შეირჩა. რეგიონებში გამგზავრებამდე ისინი სპეციალურ მომზადებას გაივლიან. პროგრამის მონაწილეები სკოლებში ქართული ენის გაკვეთილებს ადგილობრივ მასწავლებლებთად ერთად ჩაატარებენ, ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ და მათაც დაეხმარებიან ქართული ენის სწავლის პროცესში. პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, სახელმწიფო ბაკალავრის ხარისხის მქონე მოხალისე პედაგოგებს მაგისტრატურაში სწავლის ხარჯებს სრულად დაუფინანსებს. პედაგოგთა მეორე ნაკადი მუშაობას მეორე სემესტრის დასაწყისიდან შეუდგება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოხალისე ქართული ენის პედაგოგი ყველა არაქართულენოვან სკოლაში იქნება. ორი ან მეტ პედაგოგს კი იმ სკოლებში გააგზავნიან, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა მაღალია. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლოთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა.




